ღამით, უკრაინაში ხალხი ისევ განგაშის ხმამ გააღვიძა. ოკუპაციურმა ძალებმა სუმის, ხარკოვისა და ლუგანსკის ოლქებში 120-ზე მეტი დასახლება საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოაქცია. დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, დაშავებულია ათობით ადგილობრივი. დაინგრა და დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. განმეორებითი თავდასხმა განხორციელდა დნეპროპეტროვსკზეც, სადაც, უკვე ორი დღეა, კრემლი აგრესიულად უტევს მშვიდობიან მოქალაქეებსა და კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურას.
საპასუხოდ, უკრაინა უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხა 8 ოლქს. კიევის სამიზნე რუსული სათბობ-ენერგეტიკული ობიექტებია. მათ შორის, ერთ-ერთი თავდასხმის შედეგად დაიწვა კარდიმოვის ნავთობის ქარხანა. თავდასხმებს ადასტურებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
საბრძოლო მოქმედებების პარალელურად, ფრონტის ხაზზე მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. რუსეთი უკვე უკრაინის ტერიტორიის 18%-ს აკონტროლებს და ცხელ წერტილებში - ნოვოპავლოვსკის, დონეცკისა და ავდიევკის მიმართულებით უკრაინული ჯარების გარღვევასა და წინსვლას ცდილობს. უკრაინის საბრძოლო სტრატეგია კვლავ თავდაცვაზე დგას.
დასავლელი ლიდერების მოლაპარაკების მაგიდაზე რუსეთ-უკრაინის ომის გადაწყვეტის საკითხი კვლავ ბუნდოვანია. კიევი კონგრესის გადაწყვეტილებას ელოდება, - მიიღებს თუ არა უკრაინა თვეებით ადრე დაანონსებულ 60-მილიარდიან დახმარების პაკეტს.
კონგრესი, სავარაუდოდ, დღეს განიხილავს უკრაინისთვის დახმარების კანონპროექტს. თუ დაფინანსების მოთხოვნა დადასტურდება, შტატები უკრაინაში დაუყოვნებლივ გაგზავნის იარაღს.
ავტორები: ნინი ნიკოლეიშვილი, ნიკა ჯაფარაშვილი.