25 ნოემბერი 2024,   11:42
ვრცლად
დუბაი ბოლო 75 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერ წყალდიდობას ებრძვის - სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა

ბოლო 75 წლის განმავლობაში რეკორდული რაოდენობის ნალექმა დუბაიში მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია. ტურისტებისთვის ერთ-ერთ გამორჩეულად საყვარელ ქალაქში წყალი მდინარეებად მიედინება. დატბორილია ქუჩები, წაქცეულია პალმები, ჩამონგრეულია შენობების ფასადები.

დაიღუპა ერთი ადამიანი, მანქანაში მყოფი 70 წლის მამაკაცი უცებ მოვარდნილმა წყალმა გაიტაცა. შეფერხდა საავტომობილო მოძრაობა და დაიხურა სკოლები. გაუქმდა და გადაიდო ასობით რეისი. დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ჩვეულ რეჟიმში მუშაობის აღდგენისთვის გარკვეული დრო სჭირდებათ. წყალმა დაფარა დუბაის აეროპორტის ასაფრენი ბილიკიც. შეფერხებებმა რიგები და ქაოსი წარმოქმნა. აეროპორტი მგზავრთა ნაკადის დატვირთვით მსოფლიოში რიგით მეორეა.

უდაბნოს კლიმატისთვის წვიმა იშვიათი მოვლენაა. მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ არაბეთის გაერთიანებული საამიროებში რამდენიმე საათში იმდენი ნალექი მოვიდა რასაც მთელი წლის განმავლობაში ელოდნენ. მეტეოროლოგიის ეროვნულ ცენტრში უჩვეულო მოვლენას კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ.

უჩვეულო რაოდენობის ნალექის მოსვლის მიზეზებს აქტიურად განიხილავენ პრესაში. ერთ-ერთი ვარაუდით, მასშტაბური წყალდიდობა "ე.წ. ღრუბლების დათესვის ტექნოლოგიას" უკავშირდება, რომელსაც ბევრი ქვეყანა გვალვისა და სიცხის წინააღმდეგ იყენებს. ამ მეთოდით სპეციალური თვითმფრინავების გამოყენებით ღრუბლებში ყინულის კრისტალების ფორმირებისთვის ვერცხლის იოდიდის ღერებს იყენებენ, რაც ხელს უწყობს ღრუბლებში მეტი ნალექის წარმოქმნას.

დუბაის გარდა ბოლო რამდენიმე დღეა სტიქია მძვინვარებს ომანშიც, სადაც მსხვერპლის რაოდენობა უკვე 20-მდე გაიზარდა.

დღის ამბები