25 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
ზურაბიშვილი ოფიციალურად არის გადასული არა მხოლოდ ოპოზიციაში, არამედ ოპოზიციაში რადიკალების მხარეს - გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტის ვეტოზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ ვეტოს ეხმაურებიან. მათი შეფასებით, პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის იმიჯი დააზიანოს. მათივე შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის მხარეს ოფიციალურად გადავიდა.

"ზურაბიშვილი ოფიციალურად არის გადასული არა მხოლოდ ოპოზიციაში, არამედ ოპოზიციაში რადიკალების მხარეს. ამაზე მეტი რა უნდა გააკეთოს ფორმალურმა პრეზიდენტმა?! ჩვეულებრივი პროცედურაა, მესამე მოსმენის შემდეგ გადავა პრეზიდენტთან ხელმოსაწერად და იმ ვადის შემდგომ, რა ვადაშიც ის მოაწერს ხელს, ან არ მოაწერს, დაბრუნდება პარლამენტში, თუ მოაწერს ხელს შევა ძალაში, თუ არ მოაწერს, შენიშვნებს აუცილებლად დავძლევთ იმიტომ, რომ გამჭვირვალობას არ აქვს ალტერნატივა. კარგი იქნება, როცა დაფიქსირდება, რომ პრეზიდენტი დადგება გაუმჭვირვალობის მხარეს და ჩვენ დავდგებით გამჭვირვალობის მხარეს," - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.

"სალომე ზურაბიშვილმა აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანა, ქვეყნის კონსტიტუცია, მისი იმიჯი დაეზიანებინა, არაფერზე უკან არ დაიხია, ყველაფერზე მოაწერა ხელი. სალომე ზურაბიშვილისგან ყველაფერია მოსალოდნელი, არც არაფერია გასაკვირი და ის მისი ვეტოც, როგორც სხვა ვეტოებიც, წარმატებით დაიძლევა და ქვეყანას ის კანონმდებლობა ექნება, რაც მისი განვითარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი," - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, "გამჭვირვალობის შესახებ" კანონს, სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ბერკეტის გამოყენება, იმის მიუხედავად, რომ ვეტოს დაძლევენ, იქნება ხალხის ხმისა და სურვილის გამოხატულება, რომელიც ეწინააღმდეგება მმართველი გუნდის ინიციატივას.

 

დღის ამბები