25 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
"გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვას წინ პოლიტიკური განცხადებები უძღოდა - პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს სიმშვიდისკენ არაერთხელ მოუწოდა, ყველაფერი კი "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნით დაიწყო

გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვის შეჩერება ოპოზიციამ დღეს პოლიტიკური განცხადებების ფორმატშიც მოითხოვა. მმართველმა გუნდმა ოპონენტების ბრალდებები პროექტის წინააღმდეგ მიმდინარე დეზინფორმაციულ კამპანიად შეაფასა.

პოლიტიკურმა ოპონენტებმა ერთმანეთს სიტყვით გამოსვლა რამდენჯერმე შეაწყვეტინეს. პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს სიმშვიდისკენ არაერთხელ მოუწოდა.

გამჭვირვალობის მნიშვნელობასა და კანონპროექტის მიღების საჭიროებაზე არაერთხელ გაკეთდა აქცენტი საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან, ოპონენტები კი "ქართული ოცნების" არგუმენტებს არ იღებენ.

პოლიტიკური დებატების დროს, "ლელოს" წევრმა პარლამენტის თავმჯდომარეს, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მიერ, შალვა პაპუაშვილისთვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით ჰკითხა და მისი გასაჯაროება მოითხოვა. პირველმა კანონმდებელმა დეპუტატს უთხრა, რომ წერილიც და პასუხიც უკვე საჯაროა.

პარლამენტის სპიკერისთვის გაგზავნილ წერილში კომისარი ო"ფლაერტი უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტის შესაბამისობაზე ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით შეშფოთებას გამოთქვამს. ის შალვა პაპუაშვილს პროექტის მიღებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. კომისარს წერილობითვე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ. სპიკერი ტექსტში აღნიშნავს, რომ კანონპროექტი შეესაბამება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სტანდარტებს და ეს არის ყველაზე მინიმალური ჩარევა გამჭვირვალობისა და ლობიზმის შესახებ თუნდაც ამერიკულ, ბრიტანულ, ფრანგულ ან ევროკავშირის მსგავს კანონებთან შედარებით.

დღის ამბები