25 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
"გამჭვირვალობის კანონი" - პრემიერ მინისტრი აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ელჩებს კანონპროექტზე საჯარო დისკუსიას კიდევ ერთხელ სთავაზობს

მთავრობის ადმინისტრაციაში მისულ დიპლომატებს ირაკლი კობახიძე კანონპროექტზე საჯარო დისკუსიას კიდევ ერთხელ სთავაზობს. შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ელჩებს პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ შესთავაზა "გამჭვირვალობის კანონზე" ღია სატელევიზიო დისკუსია გაიმართოს. მთავრობა მზადაა "გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებულ ყველა კითხვას უპასუხოს და ის პუნქტობრივად განმარტოს.

მიუხედავად იმისა, რომ ელჩების მხრიდან ქვეყნების საკანონმდებლო საქმიანობაში ჩარევა აპრობირებული მეთოდი არ არის, კობახიძე დიპლომატებისთვის ინიციატივის ყველა ნიუანსის საჯაროდ ახსნას აპირებს. დღეს კანცელარიაში "გამჭვირვალობის კანონთან" დაკავშირებით შეერთებული შტატების, ბრიტანეთისა და ევროკავშირის ელჩებთან გასულ კვირას ჩანიშნული შეხვედრაც გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც პრემიერმა ღია დებატებზე მზაობა "ფეისბუქის" გვერდზე კიდევ ერთხელ გამოთქვა.

მმართველი გუნდის ლიდერები პრემიერ-მინისტრის შეთავაზებას საზოგადოების ინფორმირებისთვის მნიშვნელოვან ინიციატივად აფასებენ, შეთავაზებას პრეზიდენტი და ოპოზიცია ეწინააღმდეგება. სალომე ზურაბიშვილის აზრით, დებატები გერმანიის კანცლერის სიტყვებმა უკვე დახურა. კანონმდებლობისთვის, კანონის შინაარსობრივ ნაწილზე დიპლომატებთან კამათი ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანო იქნება.

საჯაროობა დემოკრატიის საფუძველია - ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში პრემიერის ინიციატივას პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი მზადაა ირაკლი კობახიძის შეთავაზებას შეუერთდეს და კანონი დიპლომატებთან ერთად განიხილოს. სპიკერი ოპოზიციის არგუმენტებს არადამაჯერებლად მიიჩნევს. ოპოზიციის კრიტიკას დღეს ხელისუფლების მხარდამჭერი ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილიც გამოეხმაურა. შათირიშვილის აზრით, დიპლომატების მიმართ გაკეთებულმა შეთავაზებამ, ოპოზიციის ლუსტრაცია კიდევ ერთხელ შეძლო.

ოპოზიციის საუბარს - საჯარო დებატების დამაზიანებელ ეფექტზე სპეკულაციურს უწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლების თქმით, გამჭვირვალობა მთავარი ევროპული ღირებულებაა, რომლის წინააღმდეგაც არგუმენტების გარეშე ბრძოლით, ოპოზიცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. დეპუტატების აზრით, თუ დიპლომატები საკანონმდებლო პროცესში ერევიან, მაშინ მათთან საჯარო დებატები საკითხის ყველაზე მეგობრული გადაწყვეტაა.

პარლამენტში "გამჭვირვალობის კანონის" განხილვა საკომიტეტო ფორმატში დღეს დაიწყო. პრემიერის შეთავაზებაზე ელჩების პასუხი ჯერ უცნობია. თანხმობის შემთხვევაში ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი, მზად არიან კანონპროექტის პუნქტობრივ საჯარო განხილვაში, დიპლომატებთან ერთად ჩაერთონ.

დღის ამბები