25 ნოემბერი 2024,   11:41
ვრცლად
"ფეოლა" იტალიურად - ქართული კინოკომედიის კლასიკა იტალიელი ვარსკვლავების გახმოვანებით

უკვდავი კინოკლასიკის "ფეოლას" უკვდავი ფრაზები იტალიურად აჟღერდა. 54 წლის წინ ბაადურ წულაძის მიერ გადაღებულმა ფილმმა დროის ქარტეხილებს გაუძლო, ისე, რომ ქართველებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ფილმის სტატუსი არ დაუკარგავს, გასცდა საქართველოს საზღვრებსაც და დღეს იტალიის ისტორიულ ქალაქ ნეაპოლში იპოლიტე ხვიჩიას, ვასილ ჩხაიძის, ჯემალ ღაღანიძის უკვდავ ფრაზებს იტალიურად ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტები და ტელეწამყვანები ახმოვანებენ.

"ფეოლას" პერსონაჟმა ქართველ მაყურებელს წარუშლელი კვალი დაუტოვა, ნახევარი საუკუნის შემდეგაც იპოლიტე ხვიჩიას ხმის გამოცნობა ალბათ არავის გაუჭირდება, თუმცა მისი იტალიურად გახმოვანება არც ისე მარტივი აღმოჩნდა.

ნეაპოლში მდებარე პატარა სტუდიაში ახლა 10-ზე მეტი ადამიანი მუშაობს იმისთვის, რომ ფილმი "ფეოლა" იტალიელებმაც ისე შეიყვარონ, როგორც ქართველებმა. ამისთვის კი მთავარი სწორად შერჩეული ხმა და ხასიათია.

კინოკომედიის იტალიურად თარგმნას, სახალისო მომენტების გარეშე არ ჩაუვლია.

ფილმზე მუშაობა გუნდმა ჯერ კიდევ 4 თვის წინ დაიყო. იდეის ავტორი ნინა მამუკაძეა, რომელმაც მიზნად ქართველ ხალხზე შეყვარებული იტალიელებისთვის ქართული კინოკომედიის შეყვარებაც დაისახა.

ფილმის ბოლოს "ფეოლას" "უქიმერიონი" საფრანგეთში მიემგზავრება, თუმცა მწვრთნელის გარეშე, დღეს კი ბონდო დოლაბერიძე გუნდთან ერთად იტალიაში მოგზაურობს, ნეაპოლის ცენტრში მდებარე კინოთეატრ "მოდერნისიმოში" ფეოლას იტალიური პრემიერა 9 მაისს გაიმართება.

ავტორები: ნინა მამუკაძე სორდინი, ნანა გოგატაძე.

დღის ამბები