25 ნოემბერი 2024,   11:44
ვრცლად
როგორ მუშაობს ისრაელის შეიარაღების მნიშვნელოვანი კომპონენტი, თავდაცვითი სისტემა "რკინის გუმბათი"

რაკეტების გარდა, ისრაელის შეიარაღების მნიშვნელოვანი კომპონენტია თავდაცვითი სისტემა "რკინის გუმბათი", რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო რაკეტსაწინააღმდეგო საშუალებად მიიჩნევა.

"რკინის გუმბათმა" ისრაელი კიდევ ერთხელ დაიცვა, მთავარი სიძლიერე მის რადარებშია, რომლებსაც ძალიან სწრაფად შეუძლიათ სამიზნეების გამოვლენა და მათი ტრაექტორიის განსაზღვრა.

"რკინის გუმბათი" მტრისგან გასროლილ რაკეტას სწრაფად აფიქსირებს და საპასუხო დარტყმით ჰაერშივე ანადგურებს. ეს არის ერთგვარი უხილავი საჰაერო ფარი, რომელიც მთელ ქვეყანას გარს აკრავს და საჰაერო თავდასხმებისგან მაქსიმალურად იცავს. ეს კოპლექსი 3 ძირითადი ნაწილისგან შედგება.

რადარი მტრის რაკეტას ძალიან სწრაფად აფიქსირებს და მომენტალურად სიგნალს უგზავნის სამეთაურო ცენტრს. თავდაცვის სისტემების მეორე ნაწილია მაკონტროლებელი ცენტრი, რომელიც წინასწარ ითვლის შეჯახების ადგილს და მესამე ეს არის გამშვები, რომელიც მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მტრისგან გაშვებულ რაკეტას ანადგურებს. მტრის რაკეტის აღმოჩენას და განადგურებას კი სულ რამდენიმე წამი სჭირდება.

"რკინის გუმბათი", მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, წლებია გამართულად  მუშაობს. ნისლშიც, წვიმაშიც, ქარშიც, ღრუბლიან ამინდშიც, თუმცა ამ გუმბათის უპირატესობა მხოლოდ ეს არ არის. "რკინის გუმბათს" შეუძლია საფრთხის გაანალიზება. ანუ თუ მტრული რაკეტა დასახლებული ადგილისკენ არ მიემართება და ისრაელის მოქალაქეებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, სისტემა მას აიგნორებს. შედეგად ზოგავს რესურს.

"რკინის გუმბათის" ერთი გამშვები დაახლოებით 50 მილიონი დოლარი ღირს. ისრაელს ასეთი 10 სისტემა აქვს. ამ სისტემას ერთდროულად 20 რაკეტის გაშვება შეუძლია. როდესაც გამშვები 20-ივე რაკეტას გაისვრის, მისი გადატენვაა საჭირო, ამ დროს ის სხვა გამშვებმა უნდა დააზღვიოს. ერთ გამშვებს 150 კვადრატული კილომეტრი ტერიტორიის დაცვა შეუძლია.

"რკინის გუმბათს" აქვს ნაკლიც - მასირებული თავდასხმის დროს ის შესაძლოა გადაიტვირთოს და რამდენიმე რაკეტამ გუმბათის გარღვევა შეძლოს.

დღის ამბები