შეიარაღებული თავდასხმა სიდნეიში - დანით შეიარაღებული პირი ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე შეიჭრა და სასიკვდილო ჭრილობები 6 ადამიანს მიაყენა. 5 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, 1 კი მოგვიანებით, საავადმყოფოში.
კამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ მკვლელი განურჩევლად ყველას დანით აყენებდა ჭრილობებს. პოლიციამ მკვლელი ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღით გაანეიტრალა.
პოლიცია სავაჭრო ცენტრში დაახლოებით 15:30 საათზე გამოიძახეს, ასობით ადამიანი მაღაზიებსა და სათავსოებში იმალებოდა.
პოლიციამ შენობიდან ხალხის ევაკუაცია მოახდინა და გადაკეტა მიმდებარე ქუჩები. დაჭრილები საავადმყოფოებში გადაიყვანეს, დაზარალებულთა შორის არის 9 თვის ბავშვი. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, რამდენიმე დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია.
თავდამსხმელი 40 წლამდე მამაკაცია. დაუდგენელია დანაშაულის მოტივი და დამნაშავის ფსიქოლოგიური მდგომარეობა. პოლიცია მიიჩნევს, რომ მკვლელი მარტო მოქმედებდა და მოქალაქეებს საფრთხე აღარ ემუქრებათ, თუმცა ჯერ ბოლომდე არ არის გამორიცხული ტერორიზმის ვერსიაც.
სიდნეის პოლიცია ახლა დამნაშავის იდენტიფიცირებას ცდილობს. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
ავტორი: ნინი ნიკოლეიშვილი