25 ნოემბერი 2024,   11:50
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი, მამუკა მდინარაძე და დიმიტრი სამხარაძე ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის პარტიულ აქტივს შეხვდნენ

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდნენ.

ამბროლაურში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, გოჩა ენუქიძე, გოდერძი ჩანქსელიანი, ბექა დავითულიანი, გია ბენაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში, პარმენ მარგველიძე.

როგორც შეხვედრაზე პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, სრულად პროპორციული არჩევნები პირველად იმართება, ამიტომ საჭიროა მაქსიმალური მობილიზება საკონსტიტუციო უმრავლესობის მისაღებად.

"დღეს ძალიან კარგი შეხვედრა გაიმართა, შევხვდი პარტიის რაჭის აქტივს, ვისაუბრეთ მოახლოებულ არჩევნებზე. ძალიან მაგარი განწყობაა ამ რეგიონში. ჩვენი მთავარი გზავნილი მოგეხსენებათ ყველას, რომ არის შემდეგი - პირველად იმართება სრულად პროპორციული არჩევნები, ამიტომ საჭიროა მაქსიმალური მობილიზება. სწორედ ამ საკითხებზე იყო საუბარი. ჩვენ გვაქვს გაცხადებული მიზანი - გვინდა მაქსიმალური შედეგის აღება, გვაქვს ამბიცია, რომ ავიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ასევე, საუბარი გვქონდა სხვა მიმდინარე თემებზე. ვფიქრობ, ძალიან მაგარი შედეგი დაიდება ამ რეგიონში", - ირაკლი ღარიბაშვილი.

პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე შეხვედრას დადებითაც აფასებს.  

"ჩვენი შეხვედრები გრძელდება, პოზიტიური ხასიათის რომ არის, ეს ერთი, მაგრამ ჩვენთვისაც განსაკუთრებული სტიმულია. მოგეხსენებათ, რაჭველ ხალხზე დინჯი და კარგი ხალხი იშვიათია და დღესაც ასეთივე შეხვედრა იყო. ჩვენ ვისაუბრეთ ყველა მიმდინარე თემაზე, მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე, ქვეყნის გამოწვევებზე. რაჭველებიც, ისევე, როგორც სხვა კუთხის და სხვა მხარის წარმომადგენლები, ძალიან ადეკვატურად აღიქვამენ პრობლემებსაც, გამოწვევებსაც, პოზიტივებსაც, რაც ქვეყანაში ხდება და ამიტომ, ბუნებრივია, ძალიან კარგი შეხვედრა იყო", - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარისა და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გარდა, შეხვედრები გაიმართა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და იმერეთის მხარეში. მომდევნო შეხვედრა 20 აპრილს, შიდა ქართლში გაიმართება.

ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდება.

დღის ამბები