25 ნოემბერი 2024,   11:49
ვრცლად
პრეზიდენტი ლაზარე გრიგორიადისს იწყალებს - როგორ აფასებენ გადაწყვეტილებას ოპოზიციაში

სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების თაობაზე, დილიდან პოლიტიკური შეფასებების საგანია. ხელისუფლების ოპონენტები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დადებითაც აფასებენ და ამ გადაწყვეტილებას მიესალმებიან.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მთავარი პოლიტიკური ტესტი მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იქნება.

"პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით, თუმცა, არაერთხელ განგვიცხადებია, რომ მთავარი პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება არის მთავარი პოლიტიკური ტესტი, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის მოღვაწეობის, რომელსაც ჯერჯერობით, სალომე ზურაბიშვილი არ აკეთებს," - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის" თავმჯდომარე, ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ 9-წლიანი სასჯელი უსამართლობა იყო.

"ძალიან დიდი უსამართლობაა, რომც ყოფილიყო იქ გარკვეული კანონდარღვევა, ამხელა სასჯელის დაკისრება. მეორე მხრივ, საერთოდ იყო თუ არა კანონდარღვევა - ეს მეორე საკითხია, იმიტომ, რომ სასამართლოს მიმართ სანდოობა ფაქტობრივად არ არსებობს," - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება გადაწყვიტა. მისივე თქმით, ოფიციალურ დოკუმენტს ხელს პროცედურების გავლის შემდეგ, უახლოეს მომავალში მოაწერს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი ორივე მუხლით, როგორც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფაში, ასევე სახელმწიფო ქონების განადგურებაში, დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ზვიად შარაძემ გადაწყვეტილება 12 აპრილს გამოაცხადა. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

დღის ამბები