სასჯელი ლაზარე გრიგორიადისმა თავად მოისმინა - 9 წელი ციხეში, მოსამართლემ დაკავებული წარდგენილ ორივე ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. ადვოკატი განაჩენს გაასაჩივრებს, პროკურატურა კი ამბობს, რომ ზვიად შარაძემ მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.
განაჩენის მოსმენის შემდეგ, გრიგორიადისის ოჯახმა და ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოდან ათონელის რეზიდენციაში გადაინაცვლეს და, შეწყალების თხოვნით, წერილი სალომე ზურაბიშვილს დაუტოვეს.
შეწყალებას ელოდა ოპოზიციაც. ნაწილმა ეს გზავნილი პრეზიდენტს საქალაქო სასამართლოს ეზოდან გაუგზავნა, ნაწილმა - პარლამენტიდან, ნაწილმა კი - სოციალური ქსელით. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს და სალომე ზურაბიშვილს შანსი აქვს, დისკრეციული უფლება, სწორად გამოიყენოს. ერთადერთი პოლიტიკური პარტია "გირჩია", რომელშიც თვლიან, რომ დანაშაული, რომელსაც მსჯავრდადებულს ედავებიან მძიმეა, თუმცა, 9-წლიანი სასჯელი მკაცრია.
პრეზიდენტის მხრიდან გრიგორიადისის შეწყალებას დანაშაულის წახალისებას უწოდებს სახელისუფლებო გუნდი. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური დანაშაულია.
საქმეზე კომენტარს აკეთებს სახალხო დამცველიც. ლევან იოსელიანის თქმით, ომბუდსმენის აპარატი საქმეს გამოითხოვს და საზოგადოებას მეტ ინფორმაციას, დამატებითი შესწავლის შემდეგ მიაწვდის.
ლაზარე გრიგორიადისს გამოძიება 2 მუხლს ედავებოდა - პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფასა და სხვისი ნივთის განადგურებას. პროკურატურის ინფორმაციით, გრიგორიადისმა, 7-8 მარტის აქციების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი 2-ჯერ ისროლა, ასევე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს, რომელიც ადგილზე დაიწვა.
სამართალდამცველებმა გრიგორიადისი გასული წლის 29 მარტს დააკავეს, საქმის 1-წლიანი განხილვის შემდეგ კი, გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდა.