25 ნოემბერი 2024,   11:50
ვრცლად
პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბერლინში - რა საკითხები განიხილეს მხარეებმა

გერმანია-საქართველოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა, კანცლერის განმარტებით, გამოწვევებზე ღიად მსჯელობასაც გულისხმობს. დღეს ოლაფ შოლცმა ირაკლი კობახიძეს უთხრა, რომ ევროკავშირი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს კრიტიკულად აფასებს. ფედერალურმა კანცლერმა იმედი გამოთქვა, რომ საკანონმდებლო ორგანო პროექტს არ დაამტკიცებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კი, საპასუხოდ, ოლაფ შოლცს კანონპროექტის მიღების საჭიროება და პრინციპები განუმარტა. ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ პროექტის მთავარი პრიორიტეტი გამჭვირვალობის სტანდარტის დამკვიდრებაა.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე, ორი ქვეყნის ლიდერმა საქართველო-გერმანიას შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე გააკეთეს აქცენტი და თქვეს, რომ მნიშვნელოვანია ამ კავშირების გაღრმავება.

გერმანია-საქართველოს პარტნიორობის მიღმა, ირაკლი კობახიძემ და ოლაფ შოლცმა რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს და უსაფრთხოების კუთხით გამოწვევების პრევენციაზე გაამახვილეს ყურადღება. მხარეებმა, უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

ერთობლივ პრესკონფერენციამდე, გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამხედრო პატივით მიიღო. შესრულდა საქართველო-გერმანიის ჰიმნები. ორივე მხარის დელეგაციის წევრების პროტოკოლური მისალმების შემდეგ კი, სტუმრებმა და მასპინძლებმა რეზიდენციაში გადაინაცვლეს და შეხვედრა გამართეს.

ბერლინში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტსაც შეხვდა. შეხვედრის ძირითადი თემები იყო საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკა და სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა გერმანიის ძლიერ მხარდაჭერას ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ გერმანია ამ გზაზე საქართველოს თანადგომას მომავალშიც განაგრძობს.

გერმანია რომ საქართველოს ინსტიტუციური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი მხარდამჭერია, ეს საკითხი აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა გერმანიის პრეზიდენტთან შეხვედრისას. ირაკლი კობახიძე ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებაზე ესაუბრა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ქვეყნის ევროპული არჩევანის ერთგულია და უახლოეს მიზნად ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას ისახავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის პრეზიდენტის სასახლეში საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.

ბერლინში ირაკლი კობახიძის ესკორტს, გერმანიაში მცხოვრები ქართველები, გამამხნევებელი შეძახილებით შეხვდნენ.

დღის ამბები