მეუღლის მკვლელობისთვის დაკავებული 37 წლის მამაკაცი, ბათუმის სასამართლომ 2 თვიან პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მოსამართლემ თქვა, რომ დანაშაული, რომელიც, სავარაუდოდ, 37 წლის მამაკაცმა ჩაიდინა, მძიმე კატეგორიისაა. გამოძიების ინფორმაციით, რაულ დეკანაძემ 34 წლის მელანო ქიზინიძე დანით ყელში და სხეულის სხვადასხვა ნაწილში დაჭრა. ახალგაზრდა ქალის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. ის ადგილზე გარდაიცვალა.
მოსამართლის გადაწყვეტილება თავად ბრალდებულმა ვერ მოისმინა. 37 წლის მამაკაცი ამ დრომდე კლინიკაში, ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, 2 აპრილს, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, რაულ დეკანაძემ თვითდაზიანებები მიიყენა. ადვოკატის თქმით, დეკანაძე დუმილის უფლებას იყენებს. ინტერესების დამცველს დღეს შუამდგომლობა ჰქონდა, რომ ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩენილიყო.
სასამართლოს პროცესის დასრულებას მოკლული ქალის ოჯახის წევრები ეზოში ელოდებოდნენ. დაზარალებული მხარე ბრალდებულის კანონის სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვს. მელანო ქიზინიძის ახლობლები დარწმუნებულები არიან, რომ როინ დეკანაძეს მეუღლის მკვლელობა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი.
34 წლის მელანო ქიზინიძის ცხედარი შუახევის მუნიციპალიტეტში, ნენიას ხიდთან ნახეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული ქალის მეუღლე საზღვარგარეთიდან რამდენიმე დღის ჩამოსული იყო. მან 34 წლის ქალი მოტყუებით გაიყვანა სახლიდან, სცემა, შემდეგ კი დანით ჭრილობები მიაყენა. სასტიკი მკვლელობის ოფიციალურ მოტივად გენდერის ნიშნით ჩადენილი დანაშაული დასახელდა.
საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. სასჯელი 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს