25 ნოემბერი 2024,   11:47
ვრცლად
საინფორმაციო შტურმი - ასე აფასებს ხელისუფლება იმ პროცესებს, რომელიც გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ხელმეორედ ინიცირებას მოჰყვა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, არგუმენტების არ არსებობაა მიზეზი, რის გამოც გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები შინაარსობრივ დისკუსიაში შესვლას არ თანხმდებიან.

მმართველი პარტია ოპოზიციისგან დღესაც ითხოვს დაასახელონ ერთი პუნქტი მაინც ისეთი, რომელიც რუსულ კანონში და ქართულ კანონპროექტში მეორდება. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ვერც ერთ პუნქტს ვერ შეადარებენ ერთმანეთს, რადგან მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი მისი შინაარსით და მიზნით რუსულია.

საპარლამენტო ოპოზიციიდან ამ ეტაპზე მხოლოდ ორი პარტიაა, რომელიც შინაარსში შევიდა და დღეს იმ პუნქტებზე აკეთებდა აქცენტს, რომელიც, მათი თქმით, ქართულ და რუსულ ვერსიებს შორის საერთოა.

ის, რაზეც ოპოზიცია აკეთებს აქცენტს, კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის თქმით, სწორედ ის პუნქტია, რომელიც რუსულ კანონსა და ქართულ დოკუმენტს ერთმანეთისგან ფუნდამენტურად განასხვავებს.

ორი დოკუმენტის ერთმანეთთან შედარებას მიზანშეწონილად არც მესამე სექტორში მიიჩნევენ. არასამთავრობო ორგანიზაციებში ამბობენ, რომ ის, რისი მიღებაც საქართველოშია დაგეგმილი, რუსულის ანალოგი იქნება.

საინფორმაციო შტურმი - ასე აფასებენ სახელისუფლებო ძალაში მოწინააღმდეგეების განცხადებებს. მმართველი გუნდში კვლავ სამოქალაქო სექტორის გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საუბრობენ. ამბობენ, იმასაც რომ დისკუსიაზე და შინაარსობრივ მსჯელობაზე უარის თქმა კონკრეტულ ინტერესს ემსახურება.

სახელისუფლებო ძალის მიერ მომზადებულ კანონპროექტს პირველი მოსმენით იურიდიული კომიტეტის მომავალ კვირას განიხილავს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ პროექტის მოწინააღმდეგეების უმრავლესობა მსჯელობაში მონაწილეობას არ გეგმავს. ამავე დღეს, პარალელურად, უკვე ჩანიშნულია აქციაც.

 

დღის ამბები