25 ნოემბერი 2024,   11:47
ვრცლად
ნაწილი აკრავს, ნაწილი ხევს - პლაკატების ომმა Facebook სივრციდან ქუჩებში გადაინაცვლა

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი იმ, მისი თქმით, ოპოზიციონერ აქტივისტებზე საუბრობს, რომლებიც, უკვე მეორე დღეა, თბილისის ქუჩებში მმართველი გუნდის იმ საინფორმაციო პლაკატებს ხევენ, რომელზეც განმარტებულია, თუ რატომ არის კანონი ევროპული. სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერები ამ ქმედების უკან "ნაციონალურ მოძრაობას" ხედავენ. საპირისპიროს ამტკიცებენ ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები.

პლაკატების ჩამოხევა აქტივისტებმა გვიან ღამით დაიწყეს. ახალგაზრდებს "ქართული ოცნების" მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, "ქართული ოცნების" საინფორმაციო ბანერების ჩამოხევასთან დაკავშირებით, დღეს, კონკრეტული კომენტარი არ გააკეთა. ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ მისთვის საკითხი მნიშვნელოვანი არ არის. მმართველ გუნდში კი განმარტეს, რომ, პლაკატებით, ოპოზიციის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას ებრძვიან.

ოპოზიციონერ აქტივისტებს პლაკატების ჩამოხევაში დღეს ლექტორი - თეიმურაზ პაპასკირიც შეუერთდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორისა და პარტის "ახალი" წევრის კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ, პლაკატების ჩამოხევით, ოპოზიციის აქტივისტები ინფორმაციის განადგურებას ცდილობენ, რადგან კანონპროექტის წინააღმდეგ რეალური არგუმენტები არ აქვთ. "ქართული ოცნების" ბანერების ფასადებზე გამოკვრას, დღეს, თბილისის მერიც გამოეხმაურა.

კამპანია გამჭვირვალობის კანონპროექტის წინააღმდეგ ოპოზიციის გარკვეულმა ნაწილმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა რამდენიმე დღის წინ დაიწყეს. პირველ ეტაპზე, სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ინიციირებული პროექტი რუსულია. კამპანიას კამპანიით უპასუხა მმართველმა გუნდმაც. "ქართული ოცნება", საინფორმაციო ბანერებით, განმარტავდა, რატომ არის კანონპროექტი ევროპული და არა რუსული, ეს საპასუხო პოსტები კი სოციალურ ქსელში წაიშალა. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ოპოზიციის მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ლობისტების დახმარებით, საერთაშორისო ფაქტჩეკერთან არიან დაკავშირებული, რომელიც "ფეისბუქის" სათავო ოფისს აწვდის ინფორმაციას. "ქართული ოცნების" ბანერების წაშლაში მონაწილეობდა ნიკოლოზ ბოლქვაძეც, რომელიც "მეტას" სათავო ოფისში მუშაობს და, წლების განმავლობაში, მიხეილ სააკაშვილის სოციალური მედიის მენეჯერი იყო.

დღის ამბები