თურქეთიდან საქართველოში განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები, სატვირთოს მანქანით, მალულად შემოვიდნენ. სარფის სასაზღვრო პუნქტი მათ ავტომობილში მოწყობილი სამალავით გამოიარეს, თუმცა სასაზღვრო პოლიციამ დამნაშავეებს მალევე მიაგნო. ხუთი დაკავებულიდან ორი - ძმები ომერ და რობინ გიუნეშები მძიმე დანაშაულისთვის იძებნებიან.
ძებნილი ძმები საქართველოში ფარულად მას შემდეგ შემოვიდნენ, რაც სტამბოლის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას, ახალგაზრდა მამაკაცი ჩაცხრილეს. სათვალთვალო კამერის ჩანაწერებში ჩანს, თუ როგორ შედიან ომერ და რობინ გიუნეშები ერთ-ერთ გასართობ დაწესებულებაში, რამდენიმე წუთში კი, ტერიტორიას სხვა პირებთან ერთად ტოვებენ, რის შემდეგაც გარე პერიმეტრზე სისხლიანი ანგარიშსწორება იწყება. კადრებში ჩანს, თუ როგორ ისვრიან ძმები ცეცხლსასროლი იარაღებით რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე.
სტამბოლის ცენტრში გახმაურებულ მკვლელობასა და ბრალდებულების საქართველოში დაკავებას აქტიურად აშუქებს თურქული მედია. პრესა წერს, რომ ბრალდებულებს კავშირი აქვთ ნარკოკარტელთან, რომელსაც თურქული წარმოშობის შვედეთის მოქალაქე, ვინმე რავა მაჯიდი ხელმძღვანელობს.
მოკლული მამაკაცის მამა დარწმუნებულია, რომ მკვლელობის უკან ნარკოკარტელი დგას. ოჯახი დამნაშავეების თურქეთში ექსტრადირებას ითხოვს.
მოხდება თუ არა ძმები გიუნეშების თურქეთში ექსტრადირება, ჯერ უცნობია. განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეებს საქართველოში ბრალი საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე უკვე წარედგინათ.