25 ნოემბერი 2024,   11:41
ვრცლად
ეკა სეფაშვილი აშშ-ის ელჩს: ქართველ ხალხს აინტერესებს, კონკრეტულად, რას მოხმარდა ის თანხა, რითაც ასე ამაყობთ

"დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა გააგრძელა მისი წინამორბედის ცრუ რიტორიკა აშშ-ის მიერ საქართველოში დახარჯულ თანხასთან დაკავშირებით, რომელსაც, რატომღაც, კვლავ "დახმარებას" უწოდებს", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ხალხის ძალის" საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი წერს.

როგორც ეკა სეფაშვილი აღნიშნავს, აშშ-დან არანაირი 6 მილიარდი დოლარი საქართველოში არ დახარჯულა და ეს თანხა უფრო ნაკლებია, ვიდრე 4 მილიარდი, 30 წლის განმავლობაში. თუმცა, ამაზე მნიშვნელოვანია ის მიზნობრიობა, თუ რისთვის იყო გამოყენებული ეს თანხები.

"ამას თავი დავანებოთ ამ ეტაპზე... ჯერ ერთი - არანაირი 6 მილიარდი დოლარი საქართველოში არ დახარჯულა, ეს თანხა უფრო ნაკლებია, ვიდრე 4 მილიარდი, 30 წლის მანძილზე, მაგრამ ახლა არც ეს არის მთავარი. მთავარია ის, თუ რაში დაიხარჯა ამერიკული ფული. წინა ელჩს დაჟინებით ვთხოვდით და მოვუწოდებდით, თავი დაენებებინა ზოგადი ფრაზებით საუბრისთვის და პუნქტობრივად ჩამოეწერა, თუ რაში დაიხარჯა ამერიკიდან წამოსული თანხები. ზუსტად ანალოგიური შეკითხვა მაქვს ქალბატონ დანიგანთან - ქართველ ხალხს აინტერესებს, კონკრეტულად რას მოხმარდა ის თანხა, რითაც ასე ამაყობთ. იმედს ვიტოვებ, რომ ამჯერად მაინც გვექნება კონკრეტული პასუხი კონკრეტულ კითხვაზე“, - წერს ეკა სეფაშვილი.

დღის ამბები