25 ნოემბერი 2024,   11:43
ვრცლად
გადაინაცვლებს თუ არა ხაზარაძისა და ჯაფარიძის საქმე კვლავ სასამართლოში - რაში ადანაშაულებს ჰოლანდიელი ინვესტორი "ლელოს" ლიდერებს

არასრული ინფორმაციის მიწოდება და კაპიტალის არაობიექტური შეფასება - ჰოლანდიელი ინვესტორის ადვოკატები მამუკა ხაზარაძესთან და ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებულ კომპანიებს სავარაუდო თაღლითობაში ადანაშაულებენ. საუბარია უცხოელი ბიზნესმენისთვის კომპანია "იმერეთი გრინერში" 400 000 დოლარის ობლიგაციების მიყიდვაზე. კომპანიის 2 მილიონის ღირებულების ფასიანი ქაღალდები ხაზარაძე-ჯაფარიძის "თიბისი კაპიტალმა" გამოუშვა. თავის მხრივ, "იმერეთი გრინერიში" წილს ყოფილი ბანკირების კომპანია "ჯორჯიან ფრეშ ჰოლდინგი" ფლობდა. გრინერი მალევე გაკოტრდა. ჰოლანდიელი ბიზნესმენის ინტერესების დამცველები ამბობენ, რომ მათ კლიენტს სასათბურე მეურნეობის საგადასახადო პრობლემებზე ინფორმაცია დაუმალეს.

რატომ დაუმალეს ინვესტორს, რომ "იმერეთი გრინერს" მოგება არასდროს ჰქონია? ადვოკატების კითხვის საპასუხოდ, ხაზარაძე და ჯაფარიძე არც დღეს გამოჩენილან. ლიდერების პოზიციის დაცვა კვლავ "ლელოს" წევრებს მოუწიათ. პარტიაში საქმის შინაარსობრივ მხარეზე არ საუბრობენ და ამტკიცებენ, რომ ნახევარი მილიონი დოლარის ობლიგაციების განულება ბიზნესმენების პასუხისმგებლობა არ არის.

"ლელოს" ლიდერების სავარაუდო ფინანსურ მაქინაციასთან კავშირს არ გამორიცხავენ სახელისუფლებო პარტიაში. მმართველ გუნდში დღეს ყოფილ ბიზნესმენებს თაღლითობის საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენიც შეახსენეს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე ბიზნესსა და პოლიტიკაში იდენტური მეთოდებით მოქმედებენ.

ჰოლანდიელმა ბიზნესმენმა, რომლის ვინაობასაც ადვოკატები ამ დრომდე კონფიდენციალურად ტოვებენ, ეროვნულ ბანკს უკვე მიმართა. ბიზნესმენი ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტისგან ინტერესთა კონფლიქტის დადგენას ითხოვს. ბანკმა "რუსთავი 2-ს" დღეს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ საქმეზე მოკვლევა მიმდინარეობს.

გადაინაცვლებს თუ არა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმე კვლავ სასამართლოში, ეროვნული ბანკის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი. ჰოლანდიელი ინვესტორის ადვოკატები უკვე ამზადებენ სარჩელს პროკურატურაში შესატანად.

დღის ამბები