25 ნოემბერი 2024,   11:49
ვრცლად
1 დაღუპული და 16 დაშავებული - პოლტავის ოლქში საერთო საცხოვრებელზე რუსეთის თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

20 დრონი და 4 მართვადი რაკეტა - რუსული არმიის მორიგი შეტევა მასშტაბური არ ყოფილა, თუმცა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და მშვიდობიანი მოქალაქეები მაინც აზარალა. პოლტავის ოლქში საერთო საცხოვრებელზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 16 ადამიანი, მათ შორის - რამდენიმე არასრულწლოვანი.

მსხვერპლია დონეცკისა და სუმის ოლქებში. საჰაერო შეტევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა - 12. საცხოვრებელი სახლები, კომერციული ობიექტები და ენერგოობიექტები იყო აგრესორის სამიზნე დონეცკის, სუმისა და ხერსონის ოლქებშიც. ხარკოვის ცენტრში, 3 ბომბის აფეთქების შედეგად, სხეულის უმძიმესი დაზიანება მიიღო სამმა ადგილობრივმა. ამ ფონზე, ზელენსკი პარტნიორებს კვლავ საჰაერო თავდაცვის სისტემების აუცილებლობასა და საბრძოლო მასალის დროული მიწოდების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

რეაქტიული დრონებით მიიტანა იერიში რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინამ. დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, ვორონეჟის ოლქში სამხედრო აეროდრომზე წარმატებული თავდასხმა განახორციელეს. გაურკვეველ ვითარებაში ჩამოინგრა სტრატეგიული ხიდი სმოლენსკის ოლქში. თვითმხილველების განცხადებით, ნგრევას წინ აფეთქება არ უძღოდა. მომხდართან კავშირს კიევი არ ადასტურებს.

ის, რაზეც ოფიციალური უკრაინული წყაროები ღიად საუბრობენ, ბრძოლის ველზე საოკუპაციო ძალის მორიგი, კოლოსალური დანაკარგია. გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, დაფიქსირდა 56 მძიმე შეტაკება.

დანაკარგს კვლავ არ ასაჯაროებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. შოიგუს უწყებაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ რუსული არმია დაკისრებულ ამოცანებს წარმატებით ასრულებს. რაც შეეხება უკრაინის ზარალს: ის, ძალოვანი უწყების ცნობით, 460 ჯარისკაცს, 2 ტანკს, 2 ჯავშანმანქანას და 7 სპეცავტომობილს შეადგენს. ამასთან, მოსკოვი კიევს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვაში ადანაშაულებს. აფეთქებებს ადასტურებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოც, თუმცა არ აკონკრეტებს, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა მომხდარზე. ორგანიზაციაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ, მსგავსი ინციდენტების განმეორების შემთხვევაში, მკვეთრად იზრდება მასშტაბური კატასტროფის საფრთხე.

დღის ამბები