25 ნოემბერი 2024,   11:37
ვრცლად
პრემიერ-მინისტრმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო. ირაკლი კობახიძე ადგილზე მთავრობის წევრებთან და დეპუტატებთან ერთად იმყოფებოდა. ის პანაშვიდს დაესწრო, რომელიც სასულიერო პირებმა გადაიხადეს.

დაღუპულებს დილიდან იხსენებენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები. დღის პირველ ნახევარში, მემორიალთან იმყოფებოდნენ ქვეყნის სახალხო დამცველი, ვეტერანები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი აქციის დარბევიდან 35 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯარის დანაყოფებმა დემონსტრანტები ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ნიჩბებისა და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით დაარბიეს. დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესად - ქალები. ასობით ადამიანი დაშავდა.

ადგილზე იმყოფებოდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტახტის თანამოსაყდრე, მეუფე შიო მუჯირი. მისი თქმით, 9 აპრილს განვითარებული მოვლენები ქართველი ხალხის სულიერი შემართების, ერთობისა და სამშობლოსთვის თავდადების დიდი გამოვლინება იყო.

"ცხრა აპრილს, ამ ადგილზე განვითარებულ მოვლენებს შეეწირა 21 ადამიანის სიცოცხლე. ეს იყო ქართველი ხალხის სულიერი შემართების, ერთობისა და სამშობლოსთვის თავდადების დიდი გამოვლინება. ამ დღიდან, ზუსტად 2 წელიწადში, საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. ვევედრებით უფალს, რომ გაამრავლოს ჩვენში ურთიერთსიყვარული და თავდადება, ვინაიდან სწორედ ეს თვისებები იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის გადარჩენის, გამთლიანების დიდი საწინდარი", - განაცხადა მეუფე შიო მუჯირმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, 9 აპრილი არის როგორც ტკივილის, ასევე გამარჯვების დღე.

"ეს არის დღე, რომელიც, ერთი მხრივ, ასოცირდება ტკივილთან, რომელიც თან სდევდა იმ ადამიანების დაღუპვას, ვინც იბრძოდნენ და, მეორე მხრივ, ორი წლის შემდეგ, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, სიმბოლიზმმა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გაჰყვება ამ თარიღს, დიდი სიხარული შესძინა. ეს არის გმირობისა და ისეთი მაგალითის დღე, რომელზეც ჩვენი შვილები უნდა გაიზარდონ. დამოუკიდებლობა და თავისუფლება არის ის ღირებულებები, რომლისთვისაც ქართველები იბრძოდნენ საუკუნეების განმავლობაში და ეს არის ჩვენი გენეტიკური კოდი. ქართველი, საქართველო, ქართული საზოგადოება არასდროს დათმობს არც თავისუფლებას და არც დამოუკიდებლობას, ნებისმიერი რამის ფასად შეძლებს, რომ უზრუნველყოს, იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი. დღევანდელი დღის მაგალითიც ამაში მდგომარეობს", – განაცხადა მდინარაძემ.

დღის ამბები