25 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 15 აპრილიდან დაიწყებს - ინიციატივის ინიციირება დღეს კამათის ფონზე შედგა

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვას, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 15 აპრილიდან დაიწყებს. გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე კანონმდებლებმა სიტყვიერი კამათის ფონზე მიიღეს. ოპოზიციის განცხადებით ამ კანონპროექტის საჭიროება დღის წესრიგში საერთოდ არ დგას. უმრავლესობა კი თვლის, რომ ოპოზიციის პროტესტის მიზანი არასამთავრობო სექტორში, გაუმჭვირვალე თანხების შენარჩუნებაა.

უცხოური გავლენის გამჭვირვალობასთან ერთად, ბიუროზე დღეს, ორი ალტერნატიული პროექტიც დაინიცირდა. პარტია საქართველოსთვის, "რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ" პროექტისა და "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებების განხილვას ითხოვს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გახარიას პარტია ამ გზით ცდილობს ოპოზიციას და მასთან კავშირში მყოფ არასამთავრობო ორგანიზაციებს ე.წ. შავი ფულის დაფარვაში დაეხმაროს.

ბიუროს სხდომაზე კანონპროექტის წარდგენას, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" არცერთი წევრი არ დასწრებია. ოპოზიციური პარტიის და მისი პარტნიორი სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერებმა საკუთარი პოზიცია სპეციალურ ბრიფინგზე დააფიქსირეს.

უმრავლესობის წევრები ოპონენტებს დეზინფორმაციის გავრცელებასა და არადეკლარირებული ფულის ანტისახელმწიფოებრივი მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებენ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ კონკრეტული ორგანიზაციების მიერ დახარჯული თანხების გამჭვირვალობის კანონმდებლობით დარეგულირება ევროპული მიდგომაა.

კანონპროექტთან დაკავშირებით უკვე ცნობილია სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება. პრეზიდენტი დღეს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. მისმა საპარლამენტო მდივანმა კი ზურაბიშვილის მე-6 ვეტო დააანონსა.

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი, უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციებისგან, ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას და ამ მოთხოვნის დარღვევისთვის, მხოლოდ ადმინისტრაციულ ჯარიმას ითვალისწინებს. კანონპროექტში "უცხოური გავლენის აგენტის" ნაცვლად გამოყენებულია ტერმინი - "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია". პროექტი ეხება მხოლოდ იმ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20 პროცენტზე მეტს უცხოეთიდან იღებენ. "გამჭვირვალობის კანონი" არ შეეხება არც ერთ ფიზიკურ პირს.

დღის ამბები