25 ნოემბერი 2024,   11:44
ვრცლად
"ალტ-ინფოს" პარტია გაუქმებულია

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ პოლიტიკური პარტია "კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ რეგისტრაცია გააუქმა.

უწყების ცნობით, პარტიის დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობის მოთხოვნებს, რის გამოც მათ რეგისტრაცია გაუუქმდათ.

"2024 წლის 8 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გააუქმა პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ რეგისტრაცია, ვინაიდან პარტიის დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობის მოთხოვნებს.

პარტიის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლა საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს მომართვის საფუძველზე დაიწყო. საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა:

2021 წლის 22 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა #P21000039 განცხადება ახალი პარტიის "კონსერვატიული მოძრაობის" რეგისტრაციის მოთხოვნით. წარდგენილი დოკუმენტაცია (მათ შორის, პარტიის წესდება) იყო არასრულყოფილი, რის გამოც, 2021 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ხარვეზების გამოსწორება მოითხოვა.

2021 წლის 2 და 6 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დამატებით წარედგინა კორექტირებული დოკუმენტაცია, მათ შორის, წესდების ახალი რედაქცია. დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდება, რომ წესდების ახალი რედაქცია პარტიის ყრილობის მიერ იყო მიღებული.

მოქმედი კანონმდებლობით (საქართველოს ორგანული კანონის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი), წესდება ყრილობას უნდა დაემტკიცებინა. ამდენად, განმცხადებელს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის პარტიის ყრილობის მიერ მიღებული წესდება უნდა წარედგინა, რაც არ მომხდარა. შესაბამისად, 2024 წლის 8 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გააუქმა 2021 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დარეგისტრირდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "კონსერვატიული მოძრაობა", - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები