შეიარაღებული კონფლიქტის არეალი შესაძლოა გაფართოვდეს. ისრაელს ამჯერად შურისძიებით "ჰამასის" მოკავშირე ირანი ემუქრება. თეირანი პირობას დებს, რომ სირიის დედაქალაქ დამასკოში, პირველი აპრილის ღამეს, ირანის საკონსულოზე მომხდარ თავდასხმას უპასუხოდ არ დატოვებს. დაბომბვის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 მაღალჩინოსანი.
ის, რომ ირანი საპასუხო ზომისთვის ემზადება, ადასტურებს ისრაელის მოკავშირე ამერიკაც. შეერთებული შტატების დაზვერვის მაღალჩინოსნები, ირანის თავდასხმას გარდაუვალს უწოდებენ და სავარაუდო თარიღად მომდევნო კვირას ასახელებენ. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანმა თავისი შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში მოიყვანა. თეირანი დარტყმებისთვის კამიკაძე დრონების და ფრთოსანი რაკეტების გამოყენებას გეგმავს.
ირანი ამერიკას მოუწოდებს არ გაებას ნეთანიაჰუს ხაფანგში. "მოშორდით, რათა არ დაზარალდეთ" - ნათქვამია წერილობით გზავნილში, რომელიც თეირანიდან ვაშინგტონში გაიგზავნა. ამერიკა ირანს აფრთხილებს, არ გამოიყენოს ეს ყველაფერი შეერთებული შტატების პერსონალზე და ობიექტებზე თავდასხმის საბაბად.
ირანის პირდაპირი დარტყმა ისრაელზე ერთ-ერთი ყველაზე უარესი სცენარია, რომლისთვისაც ბაიდენის ადმინისტრაცია ემზადება. ახლო აღმოსავლეთში განთავსებული, ამერიკული ძალები მზადყოფნის უმაღლეს დონეზე გადაიყვანეს. თუ მოლოდინი გამართლდება, ისრაელ- "ჰამასის" ომი, დიდი ალბათობის რეგიონულ კონფლიქტში გადაიზრდება - ამის აცილებას კი ჯო ბაიდენი დიდი ხანია ცდილობს.
ისრაელი უკან დახევაზე უარს ამბობს, რაც ამერიკის შეერთებული შტატების გეგმებში არ ჯდება. ექსპერტების შეფასებით, ბაიდენი ნეთანიაჰუს უკვე ულტიმატუმის ენით ესაუბრება და აფრთხილებს, რომ ისრაელთან მიმართებით პოლიტიკას შეცვლის.
ისლამური სამყაროს ასიათასობით მოქალაქე "ალ ქუდსი"ს, იგივე იერუსალიმის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. პალესტინის სოლიდარობის ღონისძიება, რომელიც აიათოლა ჰომეინიმ დააფუძნა, რამადანის ბოლო პარასკევს აღინიშნება და უკვე 45 წელია წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა. "ალ ქუდსის" დღეს უამრავი პროტესტი იმართება და ბევრ ქვეყანაში ისრაელის და ამერიკის დროშებს წვავენ.
ასე მოხდა პარასკევსაც სტამბოლში, ბაღდადში, სანააში და სხვა ქალაქებში, სადაც მუსლიმების რისხვა, თელ-ავივის და ვაშინგტონის ალიანსისკენ იყო მიმართული. ამერიკა და ისრაელი ერთად არიან, თუმცა 60 წლის მოკავშირე ქვეყნების ახლანდელი ადმინისტრაციების ურთიერთობა იდეალური აღარ არის და ბოლო დღეებში განსაკუთრებულად დაიძაბა. ხუთშაბათს, ჯო ბაიდენმა გადადგა ნაბიჯი, რომლისგანაც დიდი ხნის მანძილზე თავს იკავებდა. ის დაემუქრა ნეთანიაჰუს, რომ ამერიკა ღაზასთან დაკავშირებით პოლიტიკას გადახედავს.
ნეთანიაჰუს ომის პოლიტიკის და ღაზაში ხანგრძლივი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, ვაშინგტონში მოთმინება ამოეწურათ. თეთრი სახლი უკვე დაჟინებით ითხოვს ისრაელის პრემიერისგან, მშვიდობიანი პალესტინელების დასახმარებლად კონკრეტული ნაბიჯები გადადგას და ცეცხლის დროებით შეწყვეტაზეც იფიქროს. ულტიმატუმი ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ვაშინგტონიდან სატელეფონო ზარით მიიღო.
ამერიკის პრეზიდენტი რთულ მდგომარეობაშია. ისრაელის მთავრობის ქმედებები მას ყოველდღიურად აკარგვინებს ამერიკის არა მხოლოდ მუსლიმ ამომრჩეველს და მყიფეს ხდის მოკავშირეთა კოალიციასაც, რომელიც "ჰამასის" ტერორისტული აქტების შემდეგ, ისრაელის გარშემო გაერთიანდა. ბაიდენი ვეღარ დაარწმუნებს საერთაშორისო პარტნიორებს, თელ-ავივის ნაბიჯები უპირობოდ გაამართლონ, მით უმეტეს, საერთაშორისო ჰუმანიტარულ მისიაზე თავდასხმის შემდეგ, რამაც ამერიკელი, კანადელი, ავსტრალიელი და ევროპელი მოქალაქეები შეიწირა. ამ საჰაერო თავდასხმამ ტონი ევროპის დედაქალაქებშიც გაამკაცრა.
ბაიდენი, როგორც ლიდერი, აბსოლუტურად იზიარებს ისრაელის უფლებას, საკუთარი თავი დაიცვას და თელ-ავივისთვის შეიარაღების მიყიდვის გადაწყვეტილებას იღებს, თუმცა "ჰამასი"-ისრაელის დაუსრულებელი ომით, პრეზიდენტი კონფლიქტის რეგიონში გავრცელების საფრთხეს და იქ ბაზირებულ ამერიკულ ძალებზე შეტევის საშიშროებასაც ხედავს. ბაიდენს ესმის, რომ თუ ასე მოხდა, არა მხოლოდ მისი პოლიტიკის ეფექტურობა, მეორე ვადით პრეზიდენტობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. დამასკოში ირანის საკონსულოზე თავდასხმამ და თეირანის მუქარამ, ეს საფრთხეები ვაშინგტონისთვის კიდევ უფრო ცხადი გახადა.
ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ისრაელის მოსახლეობას ვაშინგტონის ნდობა აქვს და ნაკლებად პრემიერ ნეთანიაჰუსი, რის გამოც ადმინისტრაცია ცდილობს, ისრაელის სახელმწიფო და პრემიერის მძიმე საომარი პოლიტიკა ერთმანეთისგან გამიჯნოს. ბაიდენი ზეწოლას უკვე მისი თანაგუნდელებისგანაც განიცდის, რასაც კონგრესის დემოკრატების მიერ თეთრ სახლში გაგზავნილი მიმართვაც ადასტურებს, ისრაელისთვის იარაღის მიწოდების შეჩერების შესახებ.
ამერიკის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ისრაელმა ღაზის დახმარების გაზრდის შესახებ განაცხადა. ეს ჯერ შეუსრულებელი, თუმცა პირველი გადადგმული ნაბიჯია, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩენილი პალესტინელების დასახმარებლად და სერიოზული ზეწოლის ქვეშ მყოფი ბაიდენის პოლიტიკის სანდოობის გადასარჩენად.