25 ნოემბერი 2024,   11:43
ვრცლად
კაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი თოკით გაგუდა, ცხედარი კი ხევში ჩააგდო, სასჯელის შემსუბუქებას ითხოვს - "კურიერი P.S.-ის" მოპოვებულ ჩანაწერში ჩანს, როგორ ცდილობს მსჯავრდებული ხევთან გზა ტელეფონით გაინათოს

კაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი სასტიკი მეთოდით მოკლა, ახლა სასჯელის შემსუბუქებას სააპელაციო სასამართლოში ელოდება. 31 წლის ნიკოლოზ ლაჩაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

თბილისი, თემქის დასახლება, დაახლოებით ღამის 11:00 საათი. ნიკა ლაჩაშვილი ყოფილ ცოლს, 27 წლის მარიტა მაზიაშვილს, სახლში აკითხავს და ავტომობილით კუკიის სასაფლაოს მიმართულებით მიჰყავს. კონფლიქტი ყოფილ მეუღლეებს შორის ლაჩაშვილის ავტომობილში იწყება. 31 წლის კაცი ჩხუბის დროს ქალს კაპიუშონის თასმას ყელში უჭერს და ახრჩობს.

დამნაშავე ცხედარს ავტომობილის საბარგულში დებს და გლდანში, საკუთარ კორპუსთან ავტომობილში ტოვებს, რადგან მანქანა უფუჭდება და უფრო საიმედო სამალავის ძებნას ვერ ახერხებს. მეორე დღეს დამნაშავე მანქანას ქირაობს, დაღამებას ელოდება, ცხედარს ნაქირავებ ავტომობილის საბარგულში ათავსებს და გლდანის ციხის მიმართულებით მიდის.

უმძიმესი დანაშაულის, ცხედრის გადამალვის პროცესი ერთ-ერთი ობიექტის სათვალთვალო კამერამ გადაიღო. "კურიერი P.S.-ის" მოპოვებულ ჩანაწერში ჩანს, როგორ ცდილობს მამაკაცი ტელეფონის განათებით ხევში ჩასვლას. სავარაუდოდ ამ დროს, ლაჩაშვილმა ცხედარი ბუჩქებში დამალა, შემდეგ კი გლდანში, საკუთარ ბინაში დაბრუნდა. მარიტას ძებნა კი არასრულწლოვან შვილთან და ახლობლებთან ერთად დაიწყო. უმძიმეს დანაშაულამდე ერთი დღით ადრე, ყოფილ მეუღლეებს შორის კონფლიქტს მათი არასრულწლოვანი შვილიც შეესწრო. მარიტა მაზიაშვილმა ყოფილ ქმართან ჩხუბზე მეგობარსაც უამბო.

მას შემდეგ, რაც გაუჩინარებული 27 წლის ქალის ძებნაში პოლიცია ჩაერთო, კვალი ნიკა ლაჩაშვილამდე მივიდა. 2-ჯერ უარყო, მესამე არაოფიციალური გამოკითხვის დროს კი, ლაჩაშვილმა დანაშაული ერთ-ერთ პოლიციელს გაუმხილა. მისი აღიარება ფარულად ჩაიწერეს. "კურიერი P.S.-მა" ეს აღიარება მოიპოვა. ამის შემდეგ, არც გამომძიებლებთან და არც სასამართლოში, ნიკა ლაჩაშვილს დეტალებზე აღარ უსაუბრია, მხოლოდ იმას ადასტურებდა, რომ ყოფილი ცოლი მან მოკლა.

სწორედ ამ ფარული აღიარების შემდეგ მიიყვანა დამნაშავემ გამომძიებლები ცხედრის სამალავთან, სადაც მას ხელბორკილი დაადეს. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ის მკვლელობის მომენტში შეზღუდული შერაცხადი იყო - ეს გახდა მთავარი გარემოება, რის გამოც მოსამართლემ მძიმე დანაშაულში ბრალდებულს შედარებით მსუბუქი სასჯელი - 18 წელი მიუსაჯა. საბრალდებო მუხლი კი, 16-20 წლამდე ან უვადო პატიმრობას გულისხმობს.

ნიკა ლაჩაშვილი დედამ ციხეში რამდენიმე დღის წინ მოინახულა. მსჯავრდადებულმა მშობელს უთხრა, რომ დანაშაული ღირსების აღდგენის მიზნით ჩაიდინა. დედა იხსენებს, რომ ყოფილ ცოლ-ქმარს ცივილური ურთიერთობა ჰქონდათ და მისთვის მომხდარი დაუჯერებელი იყო.

აღიარება და მონანიება - ნიკოლოზ ლაჩაშვილი ახლა 18 წლიანი სასჯელის შემსუბუქებას სააპელაციო სასამართლოში რამდენიმე მოტივით ითხოვს.

საპირისპირო მოთხოვნით მიმართა სააპელაციო სასამართლოს საქმის პროკურორმა.

27 წლის მარიტას 11 წლის გოგონა დარჩა, ბავშვი დეიდასთან და ბებიასთან ერთად საზღვარგარეთ ცხოვრობს. "კურიერი P.S." მათ დაუკავშირდა. მძიმე ამბის გახსენება არ ისურვეს, თუმცა გვითხრეს, რომ მარიტას მკვლელისთვის სასჯელის გამკაცრებას ითხოვენ. მოკლულის ოჯახი ახლა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება, რომელიც ნიკა ლაჩაშვილის საქმის განხილვას უახლოეს კვირებში დაიწყებს.

დღის ამბები