25 ნოემბერი 2024,   11:47
ვრცლად
ერთი დღე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის დარეგისტრირებამდე -  "ქართული ოცნება" კანონპროექტს ბიუროს სხდომაზე ხვალ გაიტანს

2024 წლის 3 აპრილი - ერთი წლის შემდეგ, მმართველი გუნდი დღის წესრიგში რეზონანსულ კანონპროექტს აბრუნებს. გასულ წელს, "ხალხის ძალის" მიერ მომზადებულ 6 გვერდიან დოკუმენტში არაფერი იცვლება გარდა ერთისა, ტერმინს - უცხოური გავლენის აგენტი, ცვლის ტერმინი - უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია. კანონპროექტის მეორე სიცოცხლე რამდენიმე მიზეზით აიხსნა, მათ შორის, დონორების მხრიდან გამჭვირვალობაზე უარით, თუმცა ოპოზიციონერების ლექსიკონში, ცნობილი ტერმინი მალევე დაბრუნდა. ისე როგორც შარშან, წელსაც ინიციატივას პარლამენტში დაპირისპირების გარეშე არ ჩაუვლია.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა იმ მედია თუ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის დაფინანსებაც უცხოეთიდან 20%-ს აღემატება, დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება ექნება. რატომ არის ფინანსური გამჭვირვალობა საქართველოში პრობლემა - მმართველ გუნდს ოპონენტების მწვავე რეაქციები აკვირვებს.

ინიციატივას სხვაგვარად კითხულობენ ოპოზიციურ პარტიებში. "მოქალაქეების" ლიდერი გამჭვირვალობის მომხრეა, თუმცა კანონპროექტის მოწინააღმდეგე.

ამერიკული "ფარას" ანალოგი, ქართულ კანონპროექტში, ვერც "გირჩში" დაინახეს.

კანონპროექტის რომელი პუნქტია რუსული - ამ კითხვაზე პასუხს "ნაციონალურ მოძრაობაში" არ აკონკრეტებენ, თუმცა განმარტავენ, რომ მსგავსი კანონი სწორედ რუსეთისთვისაა დამახასიათებელი.

დონორი ორგანიზაციების დემონიზების მცდელობად აფასებენ მმართველი გუნდის ინიციატივას ყოფილი ბანკირების პარტიაში. გახარიას გუნდში კი ფიქრობენ, რომ მმართველმა პარტიამ თავად უნდა დაამტკიცოს, რომ კანონი რუსული არ არის.

ევროპულობას რომ სწორედ გამჭვირვალობა ნიშნავს, გაუმჭვირვალობა კი – არაევროპულობას, ეს ოპონენტებს პრემიერ-მინისტრმა განცხადებით უთხრა. თუმცა სიახლემ არასამთავრობო ორგანიზაციების მოწონება ვერ დაიმსახურა და ვერც მათი უდიდესი ნაწილი აალაპარაკა. რატომ არის კანონპროექტი რუსული, ზოგი არგუმენტებით არ ხსნის, ზოგიერთი კი მედიასთან გამოჩენისგან თავს იკავებს.

სადავო კანონპროექტის გარშემო დაპირისპირება პოლიტიკურ სივრცეს გასცდა. დავა სოციალურ ქსელში ბანერებით გაგრძელდა და ქუჩაშიც გადაინაცვლა. დარღვეული შეთანხმება, დეზინფორმაციული კამპანია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, მმართველი გუნდისთვის კვალი ოპონენტებამდე მიდის.

2023 წლის მარტის ცნობილი მოვლენების შემდეგ, ხელისუფლებამ კანონპროექტი უკან გაიწვია. თუმცა ერთი წლის შემდეგ ითქვა, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მივა. ორშაბათიდან პროცესების ქუჩაში გადატანას გეგმავს საზოგადოების ნაწილი, მომავალი კვირიდანვე დაიწყება ინიციატივის საკომიტეტო განხილვა. კანონპროექტი კი, კანონად საპარლამენტო უმრავლესობამ საგაზაფხულო სესიის ბოლომდე უნდა აქციოს.

 

ავტორი: იზი ბურნაძე

 

დღის ამბები