25 ნოემბერი 2024,   11:41
ვრცლად
გადაწყვეტილება მიღებულია - ონკოლოგიური პაციენტებისთვის მედიკამენტებზე ლიმიტი იხსნება

გადაწყვეტილება მიღებულია - ონკოლოგიური პაციენტებისთვის მედიკამენტებზე ლიმიტი იხსნება. ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, ქიმიოთერაპიის, ჰორმონო-თერაპიისა და იმუნოთერაპიის წამლები სრულად დაფინანსდება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, წლის განმავლობაში გამოყოფილი 25 000 ლარით კი სამედიცინო სერვისები, სხივური თერაპია და ის გამოკვლევები დაიფარება, რომელიც პაციენტს მკურნალობის დაგეგმვისა და შედეგის შეფასების მიზნით სჭირდება.

სოფო ფირანიშვილი ყოფილი ონკოპაციენტია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ახალ გადაწყვეტილებას აფასებს. მისი ორგანიზაცია 6 000-ზე მეტ პაციენტს აერთიანებს, რომლებისთვისაც მედიკამენტებზე შეღავათი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ნაწილი ამბობს, რომ აქამდე გამოყოფილი ყოველწლიური დახმარების ლიმიტი საკმაოდ მალე იწურებოდა, ცალკე მედიკამენტური დახმარება კი მათთვის მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, სრულად დაფინანსდება 90-მდე საჭირო, პროგრამული მედიკამენტი. ძალაშია ყოველწლიური 25 000 ლარის ოდენობის დახმარებაც, რის ფარგლებშიც პაციენტი წლის განმავლობაში სხივური თერაპიის და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარებას შეძლებს.

ონკოლოგების განმარტებით, მკურნალობის კურსის ბოლომდე მიყვანა აუცილებელი პირობაა. თუმცა ამბობენ, რომ აქამდე ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც პაციენტს დახმარების ამოწურვის გამო მკურნალობა შეუწყვეტია, ეს რისკი კი ახალი გადაწყვეტილებით მინიმუმამდე დავა.

ახალი გადაწყვეტილება ახალი მინისტრისთვის პრემიერისგან მიღებული ერთ-ერთი პირველი შესრულებული დავალებაა. მიხეილ სარჯველაძე განმარტავს, რომ უკვე თითქმის გამოირიცხება შესაძლებლობა, პაციენტმა მკურნალობის სრული კურსი ვერ გაიაროს. ცვლილება მათაც შეეხებათ, ვინც ყოველწლიური ლიმიტი უკვე ამოწურა.

გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამის ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შესატანად უკვე დაწყებულია მომზადება და უახლოეს დღეებში განხორციელდება.

დღის ამბები