29 წლის ნატო ხელაძე, რომელიც სასამართლო დარბაზში ამტკიცებდა, რომ საკუთარი ქმარი მას არ მოუკლავს, უდანაშაულო აღმოჩნდა. ის არაერთხელ შეეცადა მოსამართლის დარწმუნებას, რომ მკვლელობა მისი ძმის ჩადენილია, თუმცა უშედეგოდ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალი მოსამართლე თათია გოგოლაურმა ორთვიან წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.
ქალის უდანაშაულობას საქმეში არსებული მასალებიც ადასტურებდა. მათ შორის, ნატო ხელაძისა და მოკლულის შვილის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ მამამისი ბიძამისმა მოკლა. 7 წლის ბიჭი სისხლიანი დანაშაულის ერთ-ერთი მოწმეა და ის გამომძიებელთან მკვლელობის ეპიზოდს დეტალურად იხსენებს.
სხდომის დასრულებიდან მალევე ქალის უდანაშაულობაში გამოძიებაც დარწმუნდა. პირველ ეტაპზე, დამაბნეველი თავად ნატო ხელაძის აღიარება იყო. გამოძიებისთვის გაუგებარი დარჩა, რატომ მისცა სამართალდამცველებს ცრუ ჩვენება და თქვა, რომ მკვლელობა მისი ჩადენილი იყო. უმძიმესი ბრალდება, რომელიც ოჯახის წევრის მკვლელობას გულისხმობს, დღეს უკვე გადაკვალიფიცირებულია. ახლა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალს მხოლოდ ცრუ ჩვენების მიცემას ედავებიან.
ბრალის შინაარსი გამოძიების მსვლელობის ეტაპზე შეიცვალა. დადგინდა, რომ დანაშაული ნატო ხელაძის ძმამ ჩაიდინა, - მალხაზ ხელაძემ, რომელიც უკვე დაკავებულია და საბრალდებო სკამზე ზის. "კურიერს" მისი ადვოკატი უდასტურებს, რომ მამაკაცმა დანაშაული ნაწილობრივ აღიარა, გამოძიებასთან ითანამშრომლა და მათთან დანაშაულის ჩადენის მოტივზეც ისაუბრა.
განსხვავებულია პროკურატურის ვერსია - გამოძიებამ დაადგინა, რომ მალხაზ გოგიას 2 აპრილს, სამტრედიაში, საკუთარ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე სცემეს, მონაწილე პირები კი, მისი მეუღლის ძმები და ნათესავი იყო. ოფიციალური ინფორმაციიდან ვიგებთ, რომ გოგია მომხდარის შესახებ სამართალდამცავებისთვის მოყოლას აპირებდა, რის გამოც მეუღლის ძმამ მას დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.
მკვლელობის საქმეს კიდევ სამი ბრალდებული დაემატა. ისინი, ვინც პროკურატურის მტკიცებით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობდნენ და ვინც გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდა. ახლა გასამართლებას ერთი ოჯახის 5 წევრი ელოდება.
ნატო ხელაძის ადვოკატი მოსამართლის პირველ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს და ქალის გათავისუფლებას მოითხოვს. რაც შეეხება სხვა დაკავებულებს - მათი აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.