25 ნოემბერი 2024,   11:42
ვრცლად
პარასკევის ლოცვა მეჩეთად ქცეულ სახლში - ვინ ძაბავს ვითარებას ადიგენში და ვინ აღვივებს რელიგიურ შუღლს

ადიგენში, უკვე რამდენიმე საათია მშვიდი ვითარებაა და სიტუაცია განმუხტულია. მოვლენების ეპიცენტრი კი დღეს დილიდან მუსლიმი თემის ერთ-ერთი მიმდინარეობის სულეიმანჯების ლიდერის სახლი იყო, რომელიც მან თვითნებურად სალოცავად აქცია.

ადიგენის მოსახლეობისთვის ბუნდოვანია, რა მიზნები აქვს სახლის მეპატრონეს და რატომ არ თანხმდება ადგილმონაცვლეობის, ან შენობის გამოსყიდვის შეთავაზებებს. სახლს რელიგიური დაწესებულების სტატუსი არ აქვს, თუმცა მის მფლობელს აქ მუსლიმთა ერთ-ერთი განშტოების, სულეიმანჯების სამლოცველო აქვს მოწყობილი. ხალხი სამლოცველოს სხვა ადგილას გადატანას იმიტომ ითხოვს, რომ უშუალოდ დაბა ადიგენში ისლამის მიმდევრები არ ცხოვრობენ.

აღმსარებლობის მიუხედავად, ადგილობრივი მოსახლეობის პოზიცია ცალსახაა, რომ იქ ხალხის დაყოფა არ ხდება და ყველა მშვიდობიანად თანაცხოვრობს. ადიგენის სოფლებში 10-მდე მეჩეთი ფუნქციონირებს. მათ შორის ერთ-ერთი ზარზმის მონასტრის გვერდით დგას, რაც ურთიერთდამოკიდებულების სიმბოლოდ მიიჩნევა. დღეს სხვადასხვა აღმსარებლობის მრევლის თუ სასულიერო პირის მხრიდან გაკეთდა მოწოდებები შეთანხმებისკენ. ამასთან გამოითქვა ეჭვები, რომ სიტუაცია ხელოვნურად იძაბება.

დავის მშვიდობიანად გადაწყვეტის სურვილს ყველა მხარე გამოთქვამს, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე ესკალაციის რისკი არსებობს. შეთავაზებების მიუხედავად სახლის მეპატრონის, მერაბ მიქელაძის მხრიდან დღეს კომპრომისი არ ყოფილა. მას კვლავ საკუთარი პირობა აქვს - სამლოცველოსთვის ალტერნატიული ფართის გამოყოფის შემთხვევაშიც ამ კერძო საკუთრების გაყიდვას არ აპირებს.

მერაბ მიქელაძესთან მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და მასში რელიგიის საკითხთა სააგენტოსთან ერთად ჩართული არიან თვითმმართველი ორგანოებიც. ადიგენის მერი დღეს მედიასთან ამბობდა, რომ შეთანხმების მიღწევის შანსები არსებობდა, თუმცა მის ჩაშლას ყველა ჯერზე პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა - ტარიელ ნაკაიძემ შეუშალა ხელი.

პროცესში ჩართულობას არ უარყოფს ტარიელ ნაკაიძე, რომელიც ადიგენში დღეს განვითარებულ მოვლენებს, როგორც მედიასთან ინტერვიუებით, ასევე სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსებით აქტიურად ეხმაურებოდა. მათ შორის ერთ-ერთ სტატუსში მუსლიმების დასჯის მცდელობად აფასებდა იმ ფაქტს, რომ შესაძლო ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მობილიზება მოხდა.

რასაც დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე უფლებების დაცვას უწოდებს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეფასებით რელიგიური საკითხით სპეკულირებაა.

შეთანხმების მისაღწევად წინაპირობები არსებობს. ვადები დათქმული არ არის, თუმცა რელიგიის საკითხთა სააგენტოში იმედს იტოვებენ, რომ შემხვედრი ნაბიჯი ახლო მომავალში იქნება და სიტუაცია დროულად განიმუხტება. ძალაშია ორი შეთავაზება: პირველი - მერაბ მიქელაძის სახლს სახელმწიფო გამოისყიდის და მიღებული თანხით მას სამლოცველოსთვის ალტერნატიული ფართის შეძენა შეეძლება. მეორე წინადადება კი დაახლოებით 1 კილომეტრში სოფელ იჯარეთში არსებული ფართის გადაცემას გულისხმობს.

დღის ამბები