25 ნოემბერი 2024,   11:52
ვრცლად
საქართველოს პარლამენტში კვოტებით შესული ქალი დეპუტატები აღარ იქნებიან - "გირჩის" ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობამ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

გენდერული კვოტირების გაუქმებას ოპოზიციონერი დეპუტატი ქალები ერთობლივი ბრიფინგით გამოეხმაურნენ. სპეციალურ მიმართვაში თქვეს, რომ საარჩევნო კოდექსის ცვლილება არღვევს ქალების უფლებებს და ამცირებს მათ წარმომადგენლობას პოლიტიკაში.

საპასუხოდ მმართველ გუნდში ოპონენტებს აუხსნეს, რომ ქალთა წარმომადგენლობის გაზრდისთვის ხელოვნური ჩარევა საჭირო აღარ არის და საარჩევნო სიების დაკომპლექტება პარტიებს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ.

საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში სხდომაზე დღეს უკვე პირველი მოსმენით განიხილეს.

"გირჩისა" და "ქართული ოცნების" შეთანხმების გარდა ოპოზიცია იმ მიზეზებითაც დაინტერესდა - თუ რატომ დადგა დღის წესრიგში კვოტების გაუქმების საჭიროება.

განხილვის პროცესში, რომელიც კამათის ფონზე მიმდინარეობდა, ცვლილებების ინიციატორებმა და უმრავლესობის წევრებმა კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ კვოტების გაუქმება პარტიულ სიაში ქალთა რაოდენობის შემცირებასთან კავშირში არ არის. საკუთარი გამოსვლების დროს, საპარლამენტო ტრიბუნა ცვლილებების ინიციატორებმა ოპონენტების დასარწმუნებლად გამოიყენეს.

82 - მომხრე, 15 - წინააღმდეგი - ამ შედეგით დასრულდა კენჭისყრა დღის ბოლოს. "გირჩის" საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას კანონმდებლები დაჩქარებული წესით, მომდევნო სხდომაზე გააგრძელებენ.

დღის ამბები