25 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
ბრუნდებიან თუ არა დეკანოიძე-კორძაია "ნაციონალურ მოძრაობაში" - რას ამბობენ ენმ-ში და როგორია შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

ხატია დეკანოიძე საარჩევნოდ არცერთ ოპოზიციურ პარტიასთან, მათ შორის არც "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას არ გამორიცხავს. "კურიერის" ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პარტიიდან ხმაურით წასული პოლიტიკოსი შესაძლოა კვლავ "ნაცმოძრაობაში" დაბრუნდეს. პარტიას ყოფილი წევრის უკან მიღების რჩევა ჯერემი როზნერმა და "მესინა გრუპის" პიარკონსულტანტებმა მისცეს. დღეს დეპუტატი ინფორმაციას უარყოფს.

"კურიერის" ინფორმაციით, სააკაშვილის გუნდში დაბრუნებას გეგმავს ყოფილი რესპუბლიკელი თამარ კორძაიაც. დეპუტატი "კურიერთან" არ უარყოფს, რომ ამ საკითხს, პოლიტიკაში დარჩენის შემთხვევაში, განიხილავს. კორძაიას თქმით, მეათე მოწვევის პარლამენტში ის სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" სიით მოხვდა.

კორძაია-დეკანოიძის სავარაუდო დაბრუნებაზე დეტალურად საუბარი არ სურს ლევან ხაბეიშვილს. "კურიერმა" გაარკვია, რომ ყოფილ თანამებრძოლს პარტიაში დაბრუნება "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილმა წერილობით სთხოვა. "ნაცმოძრაობაში" დღეს ამ თემაზე განმარტებების გაკეთება არ ისურვეს. მხოლოდ თქვეს ის, რომ დაბრუნებისთვის აუცილებელი წინაპირობად შეცდომების გააზრება და აღიარება შეიძლება იქცეს.

დეკანოიძე და კორძაია ყოველთვის "ნაციონალური მოძრაობის" ორგანული ნაწილები იყვნენ - ასეთია "გირჩის" შეფასება. სწორედ ამის გამო, ოპოზიციური პარტიაში ფიქრობენ, რომ პოლიტიკოსების სააკაშვილის გუნდში ოფიციალურად დაბრუნება ლოგიკურია.

როზნერისა და "მესინა გრუპის" რჩევით მიღებული გადაწყვეტილება მორიგი აღიარებაა მმართველი გუნდისთვის. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, დეკანოიძე, კორძაია და "ნაცმოძრაობისგან" ფიქტიურად დისტანცირებული პოლიტიკოსები ყოველთვის სააკაშვილის გუნდის წევრები იყვნენ.

კიდევ ვის ვიხილავთ წასულებიდან "ნაცმოძრაობის" ახალ საარჩევნო სიაში, ამ ეტაპზე, უცნობია. ყოფილი სახელისუფლებო პარტია, ელექტორატის მოსაზიდად, ყოფილ წევრებთან ალიანსს არ გამორიცხავს.

დღის ამბები