25 ნოემბერი 2024,   11:48
ვრცლად
მინდა, მადლობა ვთქვა იმის გამო, რომ შესაძლებელი გახდა პარლამენტში საქმეზე დალაპარაკება - იაგო ხვიჩია გენდერული კვოტის გაუქმების მხარდაჭერაზე

"გირჩის" წევრმა, იაგო ხვიჩიამ ბიუროს სხდომაზე მადლიერება გამოხატა იმის გამო, რომ "შესაძლებელი გახდა პარლამენტში საქმეზე დალაპარაკება", რადგან უმრავლესობამ "გირჩის" ინიციატივას გენდერული კვოტის გაუქმების შესახებ მხარი დაუჭირა.

იაგო ხვიჩიამ ინიციატივის მხარდაჭერისკენ ოპოზიციონერ კოლეგებსაც მოუწოდა.

"მინდა, პირველ რიგში, მადლობა ვთქვა იმის გამო, რომ პირველად, როგორც იქნა, რაღაც თვალსაზრისით, შესაძლებელი გახდა პარლამენტში საქმეზე დალაპარაკება და რაღაც შეთანხმების მიღწევა. მინდა ოპოზიციასაც ვთხოვო მხარდაჭერა იმისთვის, რომ რაღაცნაირად, ეს მძიმე მორალური ტვირთი ქართველ ხალხს მოვხსნათ, თითქოს, საქართველოს პარლამენტს ჰგონია, რომ წარსულში ჩვენი წინაპრები ქალებს ჩაგრავდნენ," - აცხადებს იაგო ხვიჩია.

"საქართველოს საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილების პროექტი საკანონმდებლო ორგანოს ალექსანდრე რაქვიაშვილმა, იაგო ხვიჩიამ, ჰერმან საბომ და ვახტანგ მეგრელიშვილმა წარუდგინეს. ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

დღის ამბები