
შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული "ფარას" დოკუმენტით ირკვევა, რომ ნიკა გილაურის "რეფორმატიკსმა" ამერიკაში ლობისტური კომპანია "კონტინენტალ სტრათეჯი" დაიქირავა. მიხეილ სააკაშვილისა და დავით კეზერაშვილის შემდეგ, გილაური "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობის კიდევ ერთი ყოფილი წევრია, რომელიც შტატებში მილიონობით ლარს ლობისტურ მომსახურებაში ხარჯავს.
საუბარია ადგილობრივ სამთავრობო წრეებში საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გატარებაზე. სახელისუფლებო პარტიისთვის, ეს ოპონენტების მხრიდან ქვეყნის დაზიანების მცდელობის მორიგი მტკიცებულებაა. "ოცნებაში" ამბობენ, რომ გილაური, მოქალაქეების დასახმარებლად შექმნილი ფონდებით, ერთგვარ შირმას ქმნის, რეალურად კი მხოლოდ საკუთარ ნეგატიურ პოლიტიკურ დღის წესრიგზე ზრუნავს.
"კურიერმა" დღეს ნიკა გილაურისა და მისი ფონდის წარმომადგენლების ჩაწერა არაერთხელ სცადა, თუმცა ყოფილმა მაღალჩინოსანმა კამერებთან გამოჩენა არ ისურვა. გილაური "ფარა-ზე" გამოქვეყნებულ ინფორმაციას, დღის ბოლოს, საკუთარ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, სადაც ამტკიცებდა, რომ ლობისტები მხოლოდ ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის პოპულარიზებისთვის დაიქირავა. თუმცა, "კონტინენტალ სთრათეჯის" მიერ აღებულ ვალდებულებებში სხვა პუნქტებსაც ვხვდებით.
გილაურის პოზიციების დაცვა დღეს ოპოზიციის წევრებმა სცადეს. მათი თქმით, საპროტესტო აქციის მონაწილეთა ერთ-ერთ დამფინანსებელს, პოლიტიკური მიზნები არ გააჩნია, ლობისტებს კი მხოლოდ კეთილშობილური მიზნით ქირაობს.
ნიკა გილაურის პოლიტიკური მიზნები და სურვილები ცნობილია საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის. კანონმდებლების თქმით, სააკაშვილის მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსანი რეალურად უცხოელი მფარველების ნებას ემორჩილება, მიზანი კი საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებაა. უმრავლესობის წევრებმა დღეს, შტატების მსგავსად, "ფარა-ს" ანალოგიური კანონის საქართველოში დამტკიცების აუცილებლობაზეც ისაუბრეს.
ნიკა გილაურს ამერიკული ლობისტური კომპანიისთვის, პირველ ეტაპზე, 200 ათასი დოლარის გადახდა მოუწევს, შემდგომ 6 თვის განმავლობაში კი ყოფილი მაღალჩინოსანი, საკუთარი პოლიტიკური და ბიზნესინტერესების გასატარებლად, "კონტინენტალ სთრათეჯის" თვეში 100 ათას დოლარს გადაუხდის.