
საკანონმდებლო ორგანომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება უფლებამოსილება, ბრძანებით დაადგინოს პარლამენტის აპარატის საპენსიო ასაკს მიღწეული თანამშრომლისათვის ერთჯერადი კომპენსაციის გაცემის წესი, თანამშრომლის პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში.
აგრეთვე ცვლილებით, საგამოძიებო კომისიას შეეძლება მის ერთ-ერთ წევრს დაავალოს ისეთი პირისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა, რომელიც თავად გამოთქვამს სურვილს, რომ დროებით საგამოძიებო კომისიას მიაწოდოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია; რეგლამენტის პროექტით შესაძლებელი იქნება დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართოს პარლამენტის მორიგი სესიის პლენარული სხდომების დღეებშიც, გარდა პარლამენტის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას; თუკი იარსებებს გონივრული ეჭვი, რომ ჩადენილია დანაშაულებრივი ქმედება, დროებით საგამოძიებო კომისიას თავისი საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე შეეძლება შესაბამისი ორგანოს წინაშე დასვას გამოძიების დაწყების საკითხი.
პარლამენტმა რეგლამენტის პროექტი დაჩქარებული წესით განიხილა.