
სალომე ზურაბიშვილი და გიორგი გახარია - ლევან ხაბეიშვილის თავდასხმის ობიექტი, ექსპრეზიდენტთან ერთად, უკვე ექსპრემიერიც გახდა. მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარის გამო, ხაბეიშვილმა ჯერ ზურაბიშვილი უარყო და თქვა, რომ ის მისთვის არც პრეზიდენტი და არც მნიშვნელოვანი ფიგურაა, შემდეგ კი იერიში გიორგი გახარიაზეც მიიტანა. ყოფილი პრეზიდენტის პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ გახარია უნდა ჩამოყალიბდეს, ან პარლამენტი, ან ოპოზიციასთან თანამშრომლობა. ახალი ულტიმატუმი წაუყენა სალომე ზურაბიშვილსაც - 31 მარტამდე მკაფიოდ თქვას, ერთიანობის მომხრეა, თუ კოორდინაციის.
გახარიას პარტიისთვის ხაბეიშვილის პოზიციები არასერიოზულია. ყოფილი პრემიერის გუნდმა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარეს დღეს კიდევ ერთხელ გაუმეორა, რომ მათი პარტია ერთადერთია, რომელთან თანამშრომლობასაც არასდროს განიხილავენ.
"ნაციონალურ მოძრაობას", რადიკალური პოზიციების გამო, "ძლიერი საქართველოც" აკრიტიკებს. ხაზარაძე - ჯაფარიძის გუნდში ამბობენ, რომ ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნას არავისთან აპირებენ, განსაკუთრებით კი "ნაციონალურ მოძრაობასთან", რომლის ცალკეული წევრებიც, მათი აზრით, პოლიტიკურ პროცესზე გავლენას ვეღარ მოახდენენ.
ოპოზიციას რეიტინგებს ახსენებს სახელისუფლებო გუნდი და ამბობს, რომ, დაშლის თუ გაერთიანების შემთხვევაში, მათ ამომრჩევლის ნდობა არ ექნებათ. "ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, ლევან ხაბეიშვილი, სხვა ოპონენტების მსგავსად, უცხოელი დამფინანსებლების დავალებების შემსრულებელია.
დარჩება თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" სალომე ზურაბიშვილის მოლაპარაკების მაგიდასთან - ეს, სავარაუდოდ, თვის ბოლოს გაირკვევა, რადგან 5-თვიანი კონსულტაციების შემდეგ, ექსპრეზიდენტის პარტიამ, ერთობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, ვადა 31 მარტამდე განსაზღვრა. რას აპირებს სალომე ზურაბიშვილი უცნობია... მან დღეს ბრიფინგი გამართა, ისაუბრა ბევრ სხვადასხვა თემაზე, თუმცა არცერთი სიტყვა არ უთქვამს "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებსა და ულტიმატუმზე.