
გასაოცარი არტისტიზმი, ხმის მომაჯადოებელი ტემბრი და ქარიზმა, რომლითაც მაყურებელი სამი ათეული წლის განმავლობაში მოხიბლა. ეროსი მანჯგალაძემ ქართულ თეატრში ეპოქა შექმნა - მხოლოდ 56 წელი იცოცხლა, თუმცა ეს საკმარისი დრო აღმოჩნდა იმისთვის, რომ მასზე ნახევარი საუკუნის შემდეგაც მოეყოლათ.
კინოსა და თეატრის ლეგენდას 2025 წელს 100 წელი შესრულდებოდა. მისი საიუბილეო საღამო რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე გაიმართა.
ეროსი მანჯგალაძეს ხშირად უწოდებდნენ "ქართული თეატრის ხატს". ქართველი მაყურებლისთვის რთულად დასავიწყებელი აღმოჩნდა მის მიერ განსახიერებული როლები. სცენასა და გადასაღებ მოედანზე მისი ნიჭი და გარდასახვის უნარი ნამუშევრის წარმატების გარანტი იყო, თუმცა წარმატებული კარიერის მიღმა სევდიანი პირადი ცხოვრება იყო.
თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძემ, ლეგენდარული მსახიობის შესახებ მაყურებელს არაერთი უცნობი ეპიზოდი უამბო.
რუსთაველის თეატრის სცენაზე გამოჩნდნენ სხვადასხვა თაობის მსახიობები. მათ შორის, ნანა ფაჩუაშვილი, რომელიც 62 წლის წინ "ჭინჭრაქაში" ეროსი მანჯგალაძესთან ერთად თამაშობდა.
საიუბილეო საღამოზე მუსიკალური ნომრები ნეკა სებისკვერაძემ და თეატრალურის კვარტეტმა შეასრულეს. მაყურებელმა კი კიდევ ერთხელ მოისმინა ამბავი კაცზე, რომლის სახელიც ქართული თეატრისა და კინოს ისტორიაში ოქროს ასოებით წერია.