20 მარტი 2025,   01:23
ვრცლად
საგარეო საქმეთა მინისტრი ინდოეთში ვიზიტს განაგრძობს - მაკა ბოჭორიშვილი კოლეგას შეხვდა

ინდოეთში ვიზიტს განაგრძობს საგარეო საქმეთა მინისტრი. დიპლომატიური უწყების ცნობით, მაკა ბოჭორიშვილი კოლეგას შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები.

ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრებმა ხაზი გაუსვეს მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას. ისაუბრეს ორმხრივი ვიზიტების გაცვლასა და მთავრობათაშორისი ფორმატების გააქტიურებაზე. შეთანხმდნენ უახლოეს მომავალში პოლიტიკური კონსულტაციებისა და ეკონომიკური კომისიების ფორმატში შეხვედრების გამართვაზე. 

"საქართველო სამხრეთ კავკასიის პატარა ქვეყანაა, რომელსაც აქვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, საქართველოს ორი რეგიონი ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი რჩება ძალიან მნიშვნელოვან პრინციპებად, რომლებიც უნდა დავიცვათ და მუდმივად გვახსოვდეს, რომ ეს პრინციპები წარმოადგენს საერთაშორისო წესრიგის საფუძველს. ჩვენ გვჯერა, რომ მშვიდობისა და უსაფრთხოების წყალობით ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია. ჩვენს რეგიონში არსებული პოტენციალის ათვისება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ შორის კარგი თანამშრომლობა იქნება.

უპირველეს ყოვლისა, ხაზი უნდა გაესვას საქართველოს, როგორც განვითარებადი ქვეყნის და ამავე დროს, როგორც "შუა დერეფნის" მონაწილე მნიშვნელოვანი მოთამაშის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს - მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს დაკავშირებადობის პროექტებში.

ჩვენ დიდ ინვესტიციას ვახორციელებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ანაკლიის პორტი ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა. ინდოეთი უმნიშვნელოვანესი რეგიონული მოთამაშეა და საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი. ჩვენს ქვეყნებს შორის არის ძლიერი ორმხრივი ურთიერთობები, თუმცა რჩება მნიშვნელოვანი პოტენციალი ჩვენი თანამშრომლობის გასაღრმავებლად სხვადასხვა სფეროში. ერთ-ერთი პრიორიტეტია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოლაპარაკებების დასრულება, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ეკონომიკურ კავშირებს," - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

 

 

დღის ამბები