20 მარტი 2025,   02:49
ვრცლად
"ახალი ამბების დროს, საზოგადოებას ინფორმაცია ცალმხრივად არ უნდა მიეწოდოს" - არჩილ გორდულაძე მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებებზე

მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებებზე, პარლამენტმა მეორე მოსმენით იმსჯელა. "ქართული ოცნების" ამ ინიციატივის მიხედვით, იზღუდება მედია საშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან - ეს არ ეხება კომერციული რეკლამიდან მიღებულ შემოსავლებს. ახალი ამბების გაშუქების დროს უნდა იყოს დაცული მიუკერძოებლობა, უნდა იყოს დაცული ბალანსი, ყველა რესპონდენტი წინასწარი გაფრთხილებით უნდა ჩაიწეროს. ეს და მსგავსი მოთხოვნებია გაწერილი კანონპროექტში, რომელიც, უმრავლესობის თქმით, ბრიტანული მოდელის ანალოგია.

მნიშვნელოვანი სიახლე არის ის, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ტელევიზიებისა და რადიოების გაფრთხილება, შემდგომში კი დაჯარიმება შეეძლება.

"ჩვენ თუ ვამბობთ, რომ ბრიტანულ მოდელს ვიღებთ, მაშინ უნდა მივიღოთ რასაც ბრიტანული მოდელი ითვალისწინებს ის პრინციპები, სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს, მაგალითად, ბალანსის დაცვას - ახალი ამბების დროს უნდა გავრცელდეს ინფორმაცია, რომ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ერთი მხარე, მეორე თუ რამდენიც არის და რა მოსაზრებებიც არის, ეს ინფორმაცია უნდა მიიღოს საზოგადოებამ და არ უნდა მოხდეს ცალმხრივად ინფორმაციის მიწოდება," - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.

დღევანდელ სხდომაზე გაჟღერდა განსხვავებული აზრი. "ხალხის ძალის" წევრმა, სოზარ სუბარმა თქვა, რომ მედიისთვის ბალანსის მოთხოვნა არასწორია და მთავარია, მედიამ ტყუილი ან ცილისწამება არ გაავრცელოს.

დღის ამბები