
მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებებზე, პარლამენტმა მეორე მოსმენით იმსჯელა. "ქართული ოცნების" ამ ინიციატივის მიხედვით, იზღუდება მედია საშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან - ეს არ ეხება კომერციული რეკლამიდან მიღებულ შემოსავლებს. ახალი ამბების გაშუქების დროს უნდა იყოს დაცული მიუკერძოებლობა, უნდა იყოს დაცული ბალანსი, ყველა რესპონდენტი წინასწარი გაფრთხილებით უნდა ჩაიწეროს. ეს და მსგავსი მოთხოვნებია გაწერილი კანონპროექტში, რომელიც, უმრავლესობის თქმით, ბრიტანული მოდელის ანალოგია.
მნიშვნელოვანი სიახლე არის ის, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ტელევიზიებისა და რადიოების გაფრთხილება, შემდგომში კი დაჯარიმება შეეძლება.
დღევანდელ სხდომაზე გაჟღერდა განსხვავებული აზრი. "ხალხის ძალის" წევრმა, სოზარ სუბარმა თქვა, რომ მედიისთვის ბალანსის მოთხოვნა არასწორია და მთავარია, მედიამ ტყუილი ან ცილისწამება არ გაავრცელოს:
"პოლიტიკურ დებატებში, რომელიც ტელევიზიაშია, თუ ყველა ჯგუფი არ არის, არ გამოიყენონ იმაზე თავდასხმისთვის. მოსულია ტელევიზიაში, ვთქვათ, იმისთვის, რომ გააკრიტიკოს, მაგალითად, ჩვენი პოლიტიკური ძალა, ან პირიქით, ჩვენ ვართ მისული რომელიმე ტელევიზიაში იმისთვის, რომ სხვა გავაკრიტიკოთ. ამის აკრძალვა და კანონის დონეზე რეგულირება უბრალოდ შეუძლებელი და არასწორი მგონია.
ბალანსის დაცვა, ეს მოთხოვნა არის უბრალოდ არასწორი. ტყუილი არ უნდა თქვას და ადამიანს ცილი არ უნდა დასწამოს. თუ ვინმე არის ცილისწამების წინააღმდეგი და თუ ვინმე ზიანდება, მათ შორის ერთ-ერთი ვარ მეც. მაგრამ ეს უნდა გავმიჯნოთ ცალსახად და შეუძლებელია ყველა აზრი, ყველა პოზიცია მეტ-ნაკლებად სწორად გამოხატოს. შევდივართ ზედმეტ რეგულირებაში, რომელიც სახელმწიფოს საქმე არც არის და, ძალიან ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელია," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი სოზარ სუბარი.