
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ნიკა გილაური, რომელიც ამბობდა და საზოგადოებას ატყუებდა, რომ პოლიტიკისგან დაცლილია და არ ერევა პოლიტიკურ პროცესებში, ლობისტურ კომპანიას ქირაობს და ამაში ნახევარ მილიონ დოლარზე მეტს იხდის.
მისი განმარტებით, რომ არა აშშ-ის გამჭვირვალობის შესაბამისი საკანონმდებლო სივრცე, გილაურის ქმედებების შესახებ საქართველოსთვის ინფორმაცია ცნობილი ვერ გახდებოდა.
"კიდევ ერთხელ ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია და რაოდენ აუცილებელია, რომ სახელმწიფოში მოქმედებდეს გამჭვირვალობის შესაბამისი საკანონმდებლო სივრცე, ისეთი როგორიც მოქმედებს ამერიკაში. რომ არ იყოს შეერთებულ შტატებში მოქმედი ეს საკანონმდებლო დანაწესები, ჩვენ ვერ გავიგებდით იმის შესახებ, რომ პირი, რომელიც ამბობდა და საზოგადოებას ატყუებდა, რომ პოლიტიკისგან დაცლილია და არ ერევა პოლიტიკურ პროცესებში, ლობისტურ კომპანიას ქირაობს და ამაში ნახევარ მილიონ დოლარზე მეტს იხდის. აქედან იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი, რა უნდა გააკეთოს ამ კომპანიამ, რაში გაუწიოს ლობირება "კოლექტიურ ნაცმოძრაობას", ვის მოტყუებაში დაეხმაროს გილაურს და სხვა "ნაცმოძრაობის" კონკრეტულ წევრებს და აგენტურას", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.