19 მარტი 2025,   23:50
ვრცლად
თუ ოპოზიციას 200 000 დოლარიანი ლობისტური საქმიანობით შეუძლია აშშ-ის ისტებლიშმენტზე ზეგავლენის მოხდენა, ეს მხოლოდ "ქართული ოცნების" სისუსტეზე მიუთითებს - ბექა ლილუაშვილი

600 000 დოლარიანი კონტრაქტი ლობისტური საქმიანობისთვის - "ფარაზე" გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ნიკა გილაურმა ლობისტური კომპანია დაიქირავა, რომელსაც თვეში 100 000 დოლარი უნდა გადაუხადოს.

ხელშეკრულების მიხედვით, ამერიკულმა კომპანია "კონტინენტალ სტრატეგიმ" უნდა უზრუნველყოს რჩევები და კონსულტაციები სამართლებრივ, პოლიტიკურ და კომუნიკაციის სტრატეგიებზე. გილაურის კომპანია "რეფორმატიკთან" გაფორმებული კონტრაქტი პოლიტიკური შეფასებების თემაა.

რა მიზნით დაიქირავა ნიკა გილაურმა ლობისტური კომპანია, სააკაშვილის მთავრობის ყოფილი პრემიერი მედიასთან დეტალებზე ჯერ-ჯერობით არ საუბრობს. მმართველ გუნდში კი ეჭვობენ, რომ გილაურმა ლობისტურ კომპანიას თანხები მისი ფონდიდან გადაურიცხა.

პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, თუ ოპოზიციას 200 000 დოლარიანი ლობისტური საქმიანობით შეუძლია აშშ-ის ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენა, ეს მხოლოდ "ქართული ოცნების" სისუსტეზე მიუთითებს.

"ხელისუფლება თუ აღიარებს და ამბობს, რომ ის, როგორც ოფიციალური თბილისი, ლეგიტიმური ხელისუფალი, ქვეყნის მმართველი, რომელსაც აქვს ხალხის მხარდაჭერა, იმდენად სუსტია, რომ 200 000 დოლარიანი ლობისტური საქმიანობით, მთელი ქვეყნის, ჩვენი ყოფილი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის პოლიტიკური ისტებლიშმენტის აზრის ცვლილება ოპოზიციას შეუძლია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ეს მხოლოდ და მხოლოდ მათ სისუსტეზე მიანიშნებს", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი კაპანაძის განცხადებით, ქვეყნის იმიჯს არა გილაური, არამედ "ქართული ოცნება" აზიანებს.

"თუ ვინმე აზიანებს ქვეყნის იმიჯს, ეს არის არალეგიტიმური "ქართული ოცნება". ამიტომ, გილაური კი არ აზიანებს ქვეყნის იმიჯს, არამედ აზიანებს "ქართული ოცნება" იმ სისტემური დანაშაულით, რომელიც ჩაიდინა მან ამ თვეების განმავლობაში", - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

დღის ამბები