
ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში შეხვედრებს განაგრძობს. გაბრიელიუს ლანდსბერგისი დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა, გუშინ კი ჯერ სალომე ზურაბიშვილს, მოგვიანებით ოპოზიციურ პარტიებს ესაუბრა.
"ქართული ოცნებისთვის" გაუგებარია, რა სტატუსით იმყოფება საქართველოში ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც ხელისუფლების მიმართ ყოველთვის კრიტიკული განცხადებებით გამოირჩეოდა.
"ხელმოცარული და ამორტიზებული პოლიტიკოსები, კონკრეტულად ეს პიროვნება, რომელიც ჯერ კიდევ თანამდებობაზე ყოფნის დროს უხეშად ერეოდა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და სამწუხაროდ, სუვერენიტეტ დაცლილი სახელმწიფოდან ცდილობდა სწორედ "დიფ სთეითის" საქმის გაკეთებას საქართველოში სტატუსის პირობებში. დღეს კი უკვე უსტატუსოდ, მაშინ, როდესაც თვითონ ამ ქვეყნის საზოგადოებასაც ის აბსოლუტურად არაფრად მიაჩნია პოლიტიკური თვალსაზრისით, მოდის და აქ, ადგილობრივ აგენტურასთან ცდილობს გაუზიაროს საერთო მიზნები და ამოცანები. ნათელია, რომ ამ ხაზს არანაირი წარმატება არ გააჩნია საქართველოში," - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.
ცნობისთვის, ლანდსბერგისი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციებშიც მონაწილეობდა. ის გასულ წელს ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი ძალის დამარცხების შემდეგ, პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგა, შემდეგ კი მინისტრის თანამდებობაც დატოვა.