20 მარტი 2025,   02:43
ვრცლად
ის მოჩვენებითი ერთიანობა, რომელსაც წინასაარჩევნოდ სთავაზობდნენ საკუთარ ამომრჩევლებს, აღმოჩნდა ტყუილი, ვერ ახერხებენ ვერც ერთ საკითხზე გაერთიანებას - ლადო ბოჟაძე ოპოზიციაზე

ოპოზიციაში უთანხმოება და დაპირისპირება გრძელდება - "ნაციონალური მოძრაობა" სალომე ზურაბიშვილის შემდეგ, ამჯერად მწვავედ აკრიტიკებს გიორგი გახარიას გუნდს.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, "გახარია საქართველოსთვის" წევრები ან პარლამენტიდან უნდა გამოვიდნენ, ან ოპოზიციის კრიტიკას შეეშვან, ან ერთიანობას დათანხმდნენ. ხაბეიშვილის თქმით, საზოგადოებამ დასკვნა უნდა გამოიტანოს - ვინ არის რეალურად ოპოზიცია.

გახარიას გუნდში კი ამბობენ, რომ ხაბეიშვილის განცხადებები მათთვის საინტერესო არ არის. 

მმართველი გუნდის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ პირდებოდა მოსახლეობას მოჩვენებით ერთიანობას, რაც შემდგომ ტყუილი აღმოჩნდა.

"ნაციონალური მოძრაობა" დიდი ხანია გააქტიურებულია, მათ შორის, 2012 წლის 1 ოქტომბრის მარცხის შემდგომ, თუმცა ვნახეთ ჩვენ ყველა არჩევნები, რომლებიც ასევე კოლექტიური "ნაციონალური მოძროაბის" მარცხით დასრულდა. იგივე შეიძლება ითქვას 26 ოქტომბრის არჩევნებთან მიმართებაში.

როგორც ჩანს, ის მოჩვენებითი ერთიანობა, რომელსაც ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ სთავაზობდნენ ისინი საკუთარ ამომრჩევლებს და მოქალაქეებს ატყუებდნენ, რომ ისინი გაიმარჯვებდნენ, შექმნიდნენ მრავალპარტიულ უმრავლესობას პარლამენტში, შექმნიდნენ კოალიციურ მთავრობას, ეს აღმოჩნდა ტყუილი და ეს დაადასტურა, მათ შორის, არჩევნების შედეგებმა და არჩევნების შემდგომაც ხედავთ თქვენ, რომ ისინი ვერ ახერხებენ ვერც ერთ საკითხზე გაერთიანებას, პირიქით "ნაციონალური მოძრაობა" დამოუკიდებლად აპირებს გააქტიურებას, თუმცა ნებისმიერი ფორმით, ისინი რაიმე ფორმატში გაერთიანებულები იქნებიან თუ ცალ-ცალკე დარჩებიან, ჩვენთვის ყველანი არიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", გაერთიანებული "ნაციონალური მოძრაობა", რადიკალური ოპოზიცია, რომელიც პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის, მედიების გამოყენებით იბრძვის ხელისუფლებაში დასაბრუნებლად. რა თქმა უნდა, არც მათთან ბრძოლის ან მით უმეტეს მათი თავდასხმის რეჟიმში გადართვის არავის არ ეშინია“, - აცხადებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო ბოჟაძე.

დღის ამბები