20 მარტი 2025,   02:49
ვრცლად
"ნიკა გილაური თითქოს შორს იდგა პოლიტიკისგან და აღმოჩნდა, რომ რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად ჩართულია ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ ბრძოლაში" - ლადო ბოჟაძე FARA-ს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტზე

რა მიზნით დაიქირავა ნიკა გილაურმა ლობისტური კომპანია - სააკაშვილის მთავრობის ყოფილი პრემიერი მედიასთან დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობს.

მმართველ გუნდში კი ეჭვობენ, რომ გილაურმა ლობისტურ კომპანიას თანხა მისი ფონდიდან გადაურიცხა. პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლადო ბოჟაძის შეფასებით, "ნიკა გილაური თითქოს შორს იდგა პოლიტიკისგან და აღმოჩნდა, რომ რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად ასევე ჩართულია ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ ბრძოლაში."

"FARA-ს დამსახურებით გავიგეთ, რომ სააკაშვილის პენსიონერმა დედამ ლობისტურ კომპანიებში მილიონი დოლარი გადაიხადა. შემდეგ ქართული ჯარის გამძარცველმა დავით
კეზერაშვილმა 500 000 დოლარი გადაიხადა და ახლა აღმოჩნდა, რომ ნიკა გილაური, რომელიც თითქოს შორს იდგა პოლიტიკისგან, არ აფინანსებდა რადიკალურ ოპოზიციას და მისი საქმიანობა მხოლოდ ქველმოქმედებით შემოიფარგლებოდა, 600 000-დოლარიანი ხელშეკრულება გააფორმა ერთ-ერთ ლობისტურ კომპანიასთან, რათა ამერიკაში მოხდეს მათი საქმიანობის, მათ შორის, პოლიტიკური საქმიანობის გავრცელება.

კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ნიკა გილაური რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად ასევე ჩართულია ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ ბრძოლაში. დაფინანსებას და რესურსებს, რომლებიც მათ აქვთ, უანგაროდ ხარჯავენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ", - აღნიშნა ლადო ბოჟაძემ.

FARA-ზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ნიკა გილაურმა ლობისტური კომპანია დაიქირავა, რომელსაც 6 თვეში 600 000 დოლარი უნდა გადაუხადოს. ხელშეკრულების მიხედვით, ამერიკულმა კომპანია Continental Strategy-იმ უნდა უზრუნველყოს რჩევები და კონსულტაციები სამართლებრივ, პოლიტიკურ და კომუნიკაციის სტრატეგიებზე. გილაურის კომპანია Reformatics-თან გაფორმებული კონტრაქტი, რომელიც 20 თებერვლითაა დათარიღებული, FARA-ზე 13 მარტს გამოქვეყნდა.

დღის ამბები