19 მარტი 2025,   23:47
ვრცლად
"კანონი მისცემს საშუალებას, რომ ყველამ სტანდარტების ჩარჩოში იმუშაოს და უფრო აიმაღლოს თავისი მედია სტანდარტი" - ნინო წილოსანი "მაუწყებლობის შესახებ" კანონის ცვლილებებზე

დეპუტატები დღეს პლენარულ სესიაზე მეორე მოსმენით განიხილავენ და კენჭს უყრიან კანონპროექტს, რომელიც მედიას ეხება. საპარლამენტო უმრავლესობის განმარტებით, ბრიტანულ კანონმდებლობაზე დაყრდნობით შემუშავებული ცვლილება განსაზღვრავს მედიის ობიექტურობის, აგრეთვე, ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებსა და დაცვის ინსტიტუციურ მექანიზმებს.

ცვლილების თანახმად, იზღუდება მედიასაშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან, თუმცა, ეს არ ეხება კომერციული რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს.

"აღნიშნული ინიციატივა პირდაპირ დაკავშირებულია ბრიტანეთის მხრიდან შემოღებულ ახალ სტანდარტებზე და იმ არსებულ ძალიან კარგ პრინციპებზე, რომელიც ევროპის რიგ ქვეყანაში მოქმედებს. ეს კანონი, საბოლოო ჯამში, მისცემს საშუალებას რომ ყველამ სტანდარტების ჩარჩოში იმუშაოს და უფრო აიმაღლოს თავისი მედია სტანდარტი. ამავდროულად, მიმდინარე განხილვების დროს, დაზუსტდა ის ფაქტი, რომ ტელევიზიებს, ვისაც აქვთ ონლაინ პლატფორმები, აღნიშნული კანონი გავრცელდება მათზეც," - აცხადებს პარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი.

სიახლეს ოპოზიცია ცენზურად და კრიტიკული აზრის ჩახშობის მცდელობად აფასებს.

"როცა ჩვენ გვექნება ბრიტანული სასამართლო, მაშინ აუცილებლად გვექნება ბრიტანული მედია. ყველა მათი გადაწყვეტილება, ყველა მათი კანონპროექტი ემსახურება ერთადერთს, შეინარჩუნონ როგორმე ძალაუფლება, ჩაახშონ განსხვავებული აზრი," - ამბობს პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, სოფო ხორგუანი.

 

დღის ამბები