13 მარტი 2025,   20:18
ვრცლად
მსურს, კიდევ ერთხელ, პატივი მივაგო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ ყველა მამულიშვილთა ხსოვნას - თეა ახვლედიანი

მსურს, კიდევ ერთხელ, პატივი მივაგო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ ყველა მამულიშვილთა ხსოვნას - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი აცხადებს.

სამების საკათედრო ტაძარში გრძელდება ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული, 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდი. პანაშვიდზე იმყოფებოდნენ პრემიერი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, მმართველი გუნდის და ოპოზიციის წევრები.

სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის თანამშრომლობით, ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული 6 პირის იდენტიფიცირება მოხერხდა. მათგან 5 სამხედრო, ერთი კი მშვიდობიანი მოქალაქეა. ოთხ მებრძოლს დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. დანარჩენები კი ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე, რეგიონებში გადაასვენეს.

"ჩვენი ქვეყანა და ხალხი სამწუხაროდ დღემდე განიცდის 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის უმძიმეს შედეგებს და ამიტომაც განსაკუთრებით აფასებს მშვიდობას, რისთვისაც საქართველოს მთავრობა გაერთიანებული ძალისხმევით, თანმიმდევრული, პრაგმატული მოქმედებებით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მსგავსი ტრაგედიები ჩვენს ქვეყანაში არ განმეორდეს და ის ურთულესი გამოწვევები, რაც დღეს სახეზე გვაქვს დავძლიოთ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით.

მსურს, კიდევ ერთხელ, პატივი მივაგო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ ყველა მამულიშვილთა ხსოვნას", - აცხადებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები