30 იანვარი 2025,   23:39
ვრცლად
"ქართული ოცნების" ძალისხმევით, ქვეყანა სრულად იზოლირებულია ცივილიზებული სამყაროსგან" - ბადრი ჯაფარიძე ევროსაბჭოში ქართული დელეგაციის მუშაობის შეწყვეტაზე

"ქართულმა ოცნების" გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტის შესახებ პოლიტიკური შეფასებების თემაა. კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციაში ახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობის შესახებ არსებული ჩანაწერი უპრეცედენტოა და ის გადამდები იქნება სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.

"პირველად, საერთაშორისო დოკუმენტში ოფიციალურად გაჩნდა მოთხოვნა ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რაც ხაზს უსვამს, რომ "ქართული ოცნება" არალეგიტიმურია და არჩევნები უნდა ჩატარდეს ახლიდან იმისათვის, რომ ლეგიტიმური წარმომადგენლობა - იქნება ეს ევროსაბჭო თუ საერთაშორისო ინსტიტუციები, - ჰქონდეს საქართველოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი, ეს იქნება გადამდები სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, ქვეყნებისთვის, როგორც სახელმძღვანელო პრინციპი," - აცხადეს გიორგი ვაშაძე.

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, "ქართული ოცნების" ძალისხმევით, ქვეყანა სრულად არის იზოლირებული ცივილიზებული სამყაროსგან.

"ამ რეზოლუციას აქვს უდიდესი მნიშვნელობა სწორედ იმის ხაზგასასმელად, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო მხარს უჭერს ქართველი ხალხის ბრძოლას. ეს რეზოლუცია იქნა ერთხმად მიღებული. იმის ნაცვლად, რომ "ქართულ ოცნებას" გაეთვალისწინებინა ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, "ქართული ოცნების" დელეგაციამ განაცხადა, რომ მონაწილეობას არ მიიღებს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში. ეს არის სწორედ ის რეალობა, რომელიც დგას ახლა ჩვენი ქვეყნის წინაშე, როდესაც "ქართული ოცნების" ძალისხმევით, ქვეყანა არის სრულად იზოლირებული ცივილიზებული სამყაროსგან," - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა შეწყვიტა. დელეგაციის წევრების განმარტებით, მათთვის მიუღებელი და უსამართლოა დათქმები უფლებამოსილების ცნობის დოკუმენტში.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელმაც საქართველოს საკითხზე რეზოლუცია მიიღო, თბილისს ახალი არჩევნებისკენ მოუწოდებს და აპრილამდე კონკრეტულ პირობებს უყენებს. "ქართულ ოცნებაში" გადაწყვეტილებას აბსურდულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ევროსაბჭომ ქართული დელეგაციის უფლებამოსილება ჯერ ცნო, რითაც არჩევნები აღიარა, შემდეგ კი ისევ ახალი არჩევნების მოთხოვნით, ულტიმატუმი წამოაყენა.

 

დღის ამბები