ბათუმში, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერს, გიორგი გახარიას თავს დაესხნენ. შემთხვევა სასტუმრო "შერატონში" მოხდა. პარტიის წევრების განცხადებით, თავდასხმაში რამდენიმე პირი მონაწილეობდა.
გახარია სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. პარტიის წევრები საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ. მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება, შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები.
"ჯერჯერობით, დაუდგენელია მიზეზები, რა მოხდა როგორ მოხდა, ფაქტი ის არის, რომ თავდასხმა მოხდა და სხვა დეტალები არ ვიცით. გავრცელებული ინფორმაციით, არაერთი პიროვნება იყო, არ ვიცი რამდენი იყო, მაგრამ ცოტა არ იყო. სასტუმროს შენობის ფოიეში მოხდა, უნდა იყოს კამერების ჩანაწერებიც, ველოდებით შესაბამისი ორგანოებისგან შესაბამის ინფორმაციას," - ამბობს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი, არჩილ სამნიძე.
ექიმის განცხადებით, პარტიის ლიდერს ცხვირის ძვლები აქვს გატეხილი, თუმცა არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევს. ექიმის თქმით, გახარიამ კლინიკა საკუთარი სურვილით დატოვა.
"სახის არეში ჰქონდა დაზიანებები, მისი გადმოცემით, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ჩაუტარდა კვლევები. აბსოლუტურად იყო კონტაქტური, ადეკვატური, დაზიანება ჰქონდა სახის არეში. საოპერაციო, მძიმე შემთხვევა არ იყო, მაგრამ იყო ცხვირის ძვლების მოტეხილობა," - ამბობს ექიმი ჯუმბერ ბოლქვაძე.