უმრავლესობა კლოდ კერნისთან და ედიტ ესტრელასთან შეხვედრისთვის ემზადება. "ქართული ოცნების" წარმომადგენლები შეხვედრის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს და აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი ყურადღებას იმ ნაბიჯებზე გაამახვილებს, რომელიც ხელისუფლებამ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში გადაგა.
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლადო ბოჟაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი დელეგაციას 26 ოქტომბერსა და 28 ნოემბრის შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდის.
"ევროსაბჭოს დელეგაციის ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, თქვენ იცით, რომ ეს არის გენერალური მდივნის ვიზიტის გაგრძელება. მაშინ პრემიერ-მინისტრთან ერთად შეთანხმდნენ, რომ შესაბამისი დელეგაცია ჩამოვიდოდა, რომელიც უფრო კარგად გაეცნობოდა ადგილზე სიტუაციას და, რაც ყველაზე მთავარია, კიდევ ერთხელ შეფასდებოდა, როგორ ასრულებს საქართველო ევროპის საბჭოს ვალდებულებებს.
ეს იქნება ერთადერთი ინფორმაცია, რომელიც არსებობს 26 ოქტომბერთან დაკავშირებით, 28 ნოემბრის შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და მომხსენებლებს ექნებათ საშუალება, კიდევ ერთხელ გადაამოწმონ ადგილზე არსებული ინფორმაცია," - აცხადებს ლადო ბოჟაძე.
ევროსაბჭომ, პრევენციის მიზნით, პრესრელიზი გაავრცელა, სადაც ჩაწერეს, რომ ვიზიტი არ უნდა განიხილებოდეს მხარდაჭერად ლეგიტიმურობისადმი ან იმ თანამოსაუბრეთა შეხედულებებისადმი, რომლებსაც თანამომხსენებლები შეხვდებიან.