მმართველი გუნდი მიხაელ როთის საქართველოში ვიზიტს კრიტიკულად აფასებს. გერმანელმა პოლიტიკოსმა, რომელიც, მისი თქმით, კარიერას ასრულებს, ერთ-ერთი ბოლო საქმიანი შეხვედრა ქართულ ოპოზიციასთან გამართა. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის წარმომადგენელი ყოველთვის მიკერძოებული პოლიტიკური ინტერესებით მოქმედებს და საქართველოში დესტაბილიზაციის აქტიური მხარდამჭერია.
გერმანული პოლიტიკიდან წასვლამდე, როთმა არ დამალა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციებზე აქტიურად იმუშავებს. ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ, გერმანელმა პოლიტიკოსმა, ტრადიციულად, საქართველოში ახალი არჩევნები მოითხოვა.
ხელისუფლების წინააღმდეგ, მიხაელ როთს ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ ასახელებს ქართული ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები არ მალავენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ ევროპული, უფრო მკაცრი სანქციებია საჭირო, რომლის მიღწევაც, მათი აზრით, მხოლოდ გერმანული მხარდაჭერით იქნება შესაძლებელი.
მიხაელ როთისა და ქართული ოპოზიციის იდენტურ პოლიტიკურ მსოფლმხედველობაზე საუბრობენ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლების თქმით, როთი "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი იდეური მოკავშირეების მთავარი მხარდამჭერია. სახელისუფლებო გუნდის აზრით, როთი-ოპოზიციის ერთობა ყველა პოლიტიკურ ბრძოლაში მარცხისთვის არის განწირული.
მიხაელ როთი ქართულ ოპოზიციას მხარდაჭერას უკვე დიდი ხანია ღიად უცხადებს. გერმანელი პოლიტიკოსი, საქართველოში, საზოგადოებამ არაერთ ოპოზიციურ აქციაზეც იხილა.