პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად, დეპუტატები პროცედურულ საკითხებზე მუშაობენ. დაანონსებული კომისია თებერვლის დასაწყისში უნდა შეიქმნას. მთავარი მიზანი, 2003-დან 2012 წლამდე პერიოდში, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩადენილი, სავარაუდო დანაშაულების შესწავლაა.
კომისიის შექმნის იდეას ფარსს უწოდებენ ოპოზიციაში. არცერთი პარტია, ამ დროის მონაცემებით, საგამოძიებო კომისიაში მუშაობაზე თანახმა არ არის, "ნაციონალური მოძრაობისთვის" კი, კომისიის შექმნა პოლიტიკური ანგარიშსწორების ტოლფასია.
ოპოზიცია უარზეა, თუმცა დროებით საგამოძიებო კომისიაში მათ ჩართულობას პარლამენტის რეგლამენტი განსაზღვრავს. საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად, კომისიაში ოპოზიციაც უნდა იყოს წარმოდგენილი. ამ კვოტებს კი მე-11 მოწვევის პარლამენტში, ამ დროის მონაცემებით, "ხალხის ძალა" აითვისებს.
"ნაციონალური მოძრაობის" გასამართლებას ეთანხმებიან პარლამენტს მიღმა მყოფი პოლიტიკური ძალებიც, თუმცა ამბობენ, რომ ეს საკმარისი არ არის. "ნეიტრალურ საქართველოში" აცხადებენ, რომ საჭიროა, "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად, ბოლო წლებში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე სხვა ოპოზიციონერმა ლიდერებმაც აგონ პასუხი.
მოქმედი ხელისუფლება ყოფილი მმართველი პარტიის საქმიანობის შესწავლას არაერთი მიმართულებით გეგმავს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მათ შორის პრიორიტეტული 2008 წელი იქნება. "ნაციონალური მოძრაობის" გასამართლება სახელისუფლებო გუნდისთვის საარჩევნო დაპირების ნაწილია.
საქმიანობის დაწყებიდან, დაახლოებით 6 თვეში, საგამოძიებო კომისიის წევრებმა შეფასების დოკუმენტი უნდა მოამზადონ. ცნობილია, რომ კომისიის არცერთი ჯარისკაცისა და სამხედრო მეთაურის საქმიანობით არ დაინტერესდება.